„იბრძოდა და ბოლომდე ცდილობდა მომენტი შეექმნა“ | იტალიური პრესა კვერნაძეზე წერს
გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სერია A-ს პირველ ტურში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. „კანარინი“ 0:1 დამარცხდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც იტალიურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
Tuttomercatoweb: „კოპა იტალიის მატჩის მსგავსად განსაკუთრებული არ ყოფილა, თუმცა შეხვედრის სცენარის შეცვლის სურვილი ყველაზე მეტად ეტყობოდა. გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ოდნავ არაზუსტად დაარტყა“.
Frosinonetoday: „ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი შეტევაში. დარბოდა, იბრძოდა და ბოლომდე ცდილობდა, მეტოქის კართან ხიფათი შეექმნა. პირველ ტაიმში გოლის გატანასთანაც ახლოს იყო“.
Tuttofrosinone: „ფროზინონეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფეხბურთელი. მას კარგი თამაში ჰქონდა“.
Corriere della Sera: „კარგი დრიბლინგები და დარტყმა, რომელიც ოდნავ არაზუსტი იყო. ბრაკალიას ეხმარებოდა, რათა კონსეისაუ შეეჩერებინათ“.
ცნობისთვის, გიორგიმ „იუვენტუსის“ კარისკენ 3-ჯერ დაარტყა (ერთხელ დაუბლოკეს), 5-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და ბურთი სამჯერ დაიბრუნა. კვერნაძე ბურთს 34-ჯერ შეეხო, 13-დან 10 ზუსტი გადაცემა გააკეთა და 1 საკვანძო პასი ჰქონდა.