„იანმა აჩვენა, მერაბის წინააღმდეგ როგორ უნდა იმუშაო“ | რომან კოპილოვის კომენტარი
UFC-ის მებრძოლმა, რომან კოპილოვმა პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის მესამე ორთაბრძოლაზე ისაუბრა. კოპილოვის მიხედვით, იანმა „მანქანას“ გასაღები უპოვა და თვლის, რომ პიოტრი საჩემპიონო ქამარს შეინარჩუნებს.
„რუსი მებრძოლის მონაწილეობით გასამართი საჩემპიონო ბრძოლები ყოველთვის მახარებს. იანმა უკვე აჩვენა, როგორ უნდა იმუშაო მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, პიოტრი იმავეს გამეორებას შეძლებს“.
კოპილოვი UFC-ში 2019 წლიდან გამოდის და ბოლოს UFC 328-ზე იჩხუბა. მისი მეტოქე მარკო ტულიო იყო და კოპილოვმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მანამდე მას ზედიზედ ორი წაგება ჰქონდა და გრეგორი როდრიგესთან და პაულო კოსტასთან დამარცხდა.
რაც შეეხება დვალიშვილისა და იანის მესამე ორთაბრძოლას, პიოტრმა მისთვის მოსამზადებელი კემპი უკვე დაიწყო. „მანქანამ“ გასულ უქმეებზე RAF-ზე იასპარეზა და ჰენრი სეხუდოსთან დამარცხდა, რის შემდეგაც შეეძლება, მთელი კონცენტრაცია იანთან ჩხუბზე გადაიტანოს. დვალიშვილისა და იანის დაპირისპირებას აბუ-დაბიში, UFC 333-ზე ვიხილავთ, რომელიც 24 ოქტომბერს გაიმართება.