ილგიუნის დარტყმა ფეხით მოიგერია | გუგეშაშვილი გიოზთეფეში კვლავ სასტარტოში იყო
თურქეთის სუპერლიგის მეორე ტურში გიოზთეფე შინ გენჩლერბირლიგისთან 0:1 დამარცხდა. პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურშიც გიოზთეფეს სასტარტო შემადგენლობაში ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი იყო.
სტუმრებმა გიოზთეფეს კარის მიმართულებით მხოლოდ ორი ზუსტი დარტყმა შეასრულეს. მე-12 წუთზე ლუკამ ოღულჯან ილგიუნის დარტყმა ფეხით მოიგერია და ეპიზოდში დამაჯერებლად ითამაშა.
რაც შეეხება გაშვებულ გოლს, ამ ეპიზოდში გიოზთეფეს მცველებმა შეცდომა დაუშვეს და სეკო კოიტა ვერ გაანეიტრალეს. მალელმა თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა.
2025 წლის ზაფხულში გუგეშაშვილი პანსერაიკოსიდან პაოკ-ში 1 მილიონ ევროდ გადავიდა. თუმცა, რაზვან ლუჩესკუმ მას პირველ გუნდში სათამაშო დრო არ მისცა, რის გამოც სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ატრომიტოსში გაატარა. ქართველმა მეკარემ კლუბის მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და 3 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. აღსანიშნავია, რომ პანსერაიკოსთან მოგებულ შეხვედრაში გუგეშაშვილმა პენალტიც მოიგერია.
ლუკამ ატრომიტოსში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის სუპერლიგაში დარჩენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ახლა კი მან კარიერა თურქულ გიოზთეფეში გააგრძელა. პაოკ-მა ქართველი მეკარე თურქეთის სუპერლიგის კლუბში ერთი სეზონით გაანათხოვრა, გამოსყიდვის უფლებით.
2023 წლიდან გიოზთეფეს ბულგარელი სპეციალისტი სტანიმირ სტოილოვი წვრთნის. კლუბი საკმაოდ ამბიციურია — გასულ სეზონში გიოზთეფემ თურქეთის სუპერლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვებამდე მხოლოდ 2 ქულა დააკლდა.