ერთადერთი კლუბი, რომელსაც ალვარესის შეძენა შეუძლია | ახალი ინფორმაცია ხულიანზე
ხულიან ალვარესს რთული პერიოდი უდგას. „ვილიარეალთან“ მატჩისას „ატლეტიკოს“ გულშემატკივრებმა არგენტინელ ფეხბურთელს უსტვინეს და შეძახილებით კლუბს მისი გაყიდვისკენ მოუწოდეს.
მატჩის შემდეგ, „როხიბლანკოსის“ მოთამაშეები გულშემატკივრებს ტაშს უკრავდნენ და სტადიონზე მისვლისთვის მადლობას უხდიდნენ. ალვარესი მათთან ერთად არ იმყოფებოდა და მოედანი მარტომ დატოვა.
მომხდარის შემდეგ უცხოურ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, გასტონ ედულის ინფორმაციით, ალვარესის ამჟამინდელი სიტუაცია ხელს არავის აძლევს და ერთადერთი, ვინც მის წასვლას ბლოკავს, „როხიბლანკოსის“ აღმასრულებელი დირექტორი, მიგელ ანხელ ხილ მარინია.
ალვარესს „ბარსელონაში“ გადასვლა სურს, თუმცა ამის შანსი მინიმალურიც არაა და, დიდი ალბათობით, „არსენალის“ ვარიანტიც არ გამოვა. The Athletic-ის ინფორმაციით, ერთადერთი გზა, რომლითაც ხულიანი „ატლეტიკოს“ დატოვებს, „მეთოფეების“ მიერ გაკეთებული 150-მილიონიანი შეთავაზებაა.
ლონდონელებს მადრიდელებისთვის წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ და The Athletic-ის მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, ამ ზაფხულს რამე შეიცვალოს. „მეთოფეებს“ არგენტინელი ფეხბურთელი ძალიან მოსწონთ და „ატლეტიკოსთან“ კონტაქტიც ჰქონდათ, თუმცა ამხელა თანხის გადახდას არ აპირებენ. მით უმეტეს, რომ არ იციან, თავად ფეხბურთელს ინგლისში დაბრუნება უნდა თუ არა.
ავტორიტეტული გამოცემა დასძენს, რომ ალვარესი „ბარსელონას“ გარდა სხვა კლუბში გადასვლაზე უარს თავად იტყვის, „ბლაუგრანასთვის“ კი თავდამსხმელის გაფორმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. კატალონიელთა ხელმძღვანელები ჰანსი ფლიკს ენდობიან. „ბარსას“ არ უნდა ისეთი თავდამსხმელი მოიყვანოს, რომელიც გუნდის სათამაშო სტილს არ შეეფერება და კლუბში იმედი აქვთ, რომ ფლიკი გამოსავალს იპოვის.