საუბარი აბურჯანიასთან, სევილია და საქართველოს ნაკრები | ქოჩორაშვილის ინტერვიუ
გიორგი ქოჩორაშვილმა „სევილიას“ ოფიციალურ არხს ინტერვიუ მისცა და ანდალუსიურ კლუბში ტრანსფერზე პირველი კომენტარი გააკეთა. „ქოჩო“ „სევილიაში“ გადასვლით აღფრთოვანებულია და მიაჩნია, რომ მისი და კლუბის მენტალიტეტი თანხვედრაშია.
პირველი ვარჯიში სევილიაში
„ძალიან კარგი, ძალიან ინტენსიური იყო. კლუბის პერსონალმა და თანაგუნდელებმა საქმე ძალიან გამიადვილეს. ძალიან ბედნიერი ვარ და ახლა საქმეზე უნდა ვიფიქროთ. გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა, რაც გასახდელში ყველაზე მნიშვნელოვანია. ხშირად ამ ატმოსფეროს მატჩებისა და ჩემპიონატების შეცვლა შეუძლია. აქაურმა ერთობამ ჩემი ადაპტაცია ძალიან გააადვილა“.
საუბარი სევილიას მთავარ მწვრთნელთან
„მწვრთნელს ახლახან ველაპარაკე. მან ყველაფერი ამიხსნა, მას „ალავესიდან“ ვიცნობ. ვიცი, როგორ მუშაობს და მითხრეს, რა სტილში სურთ თამაში. ვიცი, ჩემს თანაგუნდელებს მოედანზე რისი გაკეთება მოსწონთ და ვიცი, რომ ლუისი (გუნდის მთავარი მწვრთნელი) მომთხოვნი ადამიანია, მაგრამ ამას ძალიან ვაფასებ. ბევრი სამუშაო მაქვს და რაღაც ლამაზი მელოდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, მსხვერპლის გაღება მომიწევს“.
სევილიაში ტრანსფერი
„სევილიასა და ჩემს ხასიათს შორის ბევრი საერთოა. ეს დიდი ისტორიის კლუბია და მათ ყოფილ კაპიტნებს, იბორასა და კოკეს ველაპარაკე. მათ ამიღწერეს, კლუბს რა ღირებულებები აქვს. სევილიასთან დაკავშირებით ლამაზი ისტორიაც მაქვს: საქართველოში სტადიონის ტრიბუნებიდან ორი შეხვედრა მაქვს ნანახი — ესპანეთთან მატჩი და 2015 წლის სუპერთასი თბილისში.
მახსოვს, იმ დღეს ბილეთის გარეშე ვრჩებოდი. მატჩამდე ორი საათით ადრე მითხრეს, რომ ბილეთი მიყიდეს და ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო. ამ ბილეთს დღემდე ვინახავ და ბავშვობიდანვე ვიცოდი, სევილია რას წარმოადგენდა. ჩემთვის ასეთ დიდ და ამდენი ტიტულის მქონე კლუბში ყოფნა ნამდვილი სიზმარია. გუშინ, როდესაც სახლისკენ მივდიოდი, სევილიას ჰიმნს ვუსმენდი. ძალიან ბედნიერი ვარ და გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ“.
სევილიას მიერ მოხდენილი შთაბეჭდილება
„სევილია ასხივებდა იმას, რომ არასდროს ნებდებოდა. ფეხბურთელებს ჰქონდათ რწმენა და ერთმანეთის დახმარების სურვილი, რაც ჩემთვის ძალიან კარგია. ჩემს ოთახში, პატარაობისას, ინგლისურად ეწერა დევიზი: „არასოდეს დანებდე“. მე არასოდეს დავნებდები და არც სევილია დანებდება“.
სევილიას სტადიონზე სტუმრობა
„როდესაც სახლს ეძებ, შესაძლოა, ისეთი დაათვალიერო, რომელიც არ მოგეწონება. თუმცა არის მომენტი, როდესაც სახლში შესვლისთანავე ხვდები, რომ იქ უნდა იცხოვრო. როდესაც სტადიონზე შევედი, სწორედ ეს შეგრძნება დამეუფლა. ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი, რომ სწორ ადგილას ვიყავი. ეს გრძნობა ზოგჯერ გაქვს, ზოგჯერ კი არა, მაგრამ იმ სტადიონზე, სადაც ვითამაშებ, ეს ვიგრძენი“.
სათამაშო პოზიცია
„მე ვარ მოთამაშე, რომელიც ცდილობს თანაგუნდელებს დაეხმაროს, რათა შემდეგ ისინიც დამეხმარონ. შეტევაში ჩართვა, დაცვაში თამაში, ბურთით ყოფნა და თანაგუნდელებთან კომუნიკაცია მიყვარს. ბავშვობიდან ვამბობდი, რომ მინდოდა ვყოფილიყავი ფეხბურთელი, რომელსაც როგორც დაცვასა და შეტევაში თამაში, ისე მატჩის ბალანსის შეცვლა შეუძლია.
რვა ნომრად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან შემიძლია, ბურთის მისაღებად უკან ჩავიდე და თავდამსხმელებთან და განაპირა მცველებთან კონტაქტი მქონდეს. შემიძლია, გრძელი გადაცემა გავაკეთო, პრესინგზე ავიდე და შეტევაში ჩავერთო. 6 ან 8 ნომერი ვარ, მაგრამ უფრო 8“.
საქართველოს ნაკრები და ევროპის ჩემპიონატი
„ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო. გაგვიმართლა და ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზეთ, რომელიც საქართველოსთვის სადებიუტო დიდი ტურნირი იყო. ეს რაღაც განსაკუთრებულია, რადგან ხალხთან გაახლოებს. სამი მილიონი ადამიანი ვართ და ყველა ქართველი ქუჩაში იყო და ზეიმობდა. ხშირად ამბობენ, რომ ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გულშემატკივარია. მოედანზე მუშაობ და მატჩის შემდეგ ქომაგების ბედნიერ სახეებს ხედავ. იმედი მაქვს, ნაკრებთან და სევილიასთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ“.
საუბარი გიორგი აბურჯანიასთან, რომელიც სევილიას B გუნდში ასპარეზობდა
„მას ახლახან ველაპარაკე. ფიზიოთერაპევტი ანტონიოც იცნობს მას. მან რამდენიმე რჩევა მომცა, რომლებიც კლუბის ღირებულებებს შეესაბამება. იგი არასდროს ნებდება, ბევრს შრომობს და ძალიან თავმდაბალია. მას კიდევ უნდა დავურეკო. შარშან „სპორტინგშიც“ პირველი ქართველი ვიყავი. სევილიასნაირ დიდ კლუბში ყოფნა ჩემთვის პატივია. ქართული ფეხბურთი გადის პერიოდს, როდესაც ბევრი ფეხბურთელი გამოჩნდა. ხუთი მოთამაშე ლა ლიგაშია და სხვები, როგორებიც არიან კვარა, მამარდაშვილი და ა.შ., წარმატებით ასპარეზობენ. ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ და მის ღირსებას მთელი გულით ვიცავთ“.
მესიჯი სევილიას ფანებს
„მათ ვეტყოდი, რომ ცხოვრებაში არასდროს დანებდნენ. ყოველთვის მხარი დაგვიჭირონ, თუმცა მჯერა, რომ აქ ამის თხოვნაც კი არ არის საჭირო. რასაც მათ ვეუბნები, არის ის, რომ შევეცდები ჩემს საუკეთესო დონეს მივაღწიო, გავხდე ის გიორგი, რომელიც მინდა ვიყო“.
ცნობისთვის, „სევილიამ“ ორიდან ორი თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ანდალუსიელები მომდევნო შეხვედრას 29 აგვისტოს, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართავენ.