გოლი და მატჩის MVP - მიქაუტაძემ ატლეტიკოსთან გაიბრწყინა, მაგრამ ვერ მოიგო
ლა ლიგის მეორე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 2:2 ითამაშა.
გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 79 წუთი გაატარა. მიქაუტაძეს გამორჩეული მატჩი ჰქონდა. ქართველი შემტევი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. საბოლოოდ, მიქაუტაძემ მიზანს 78-ე წუთზე უწია, როდესაც პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა და ანგარიში „ვილიარეალის“ სასარგებლოდ 2:1 გახადა. ამასთან, ქართველმა შემტევმა მთავარ მსაჯს პენალტის ეპიზოდში წესების დარღვევის გამო მოედანიდან რობინ ლე ნორმანი გააძევებინა.
როგორც გითხარით, ამ გოლით „ვილიარეალმა“ ანგარიში 2:1 გახადა და ამასთან, რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა მიქაუტაძის გუნდმა ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. 85-ე წუთზე ჯულიანო სიმეონემ წონასწორობის აღდგენა შეძლო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:2.
გიორგი მიქაუტაძის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 34 შეხება, 5 დარტყმა - 2 ზუსტი, 2 არაზუსტი, 1 დაიბლოკა. 3-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 21-დან 17 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 ზუსტი გრძლი პასი, 1 განმუხტვა. Sofascore-ს შეფასება - 7.6 ქულა.
გიორგი მიქაუტაძისთვის ეს ახალ სეზონში პირველი გოლი იყო, თუმცა გასულ ტურში ქართველმა შემტევმა „რასინგთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა. შესაბამისად, მის ანგარიშზე 1-1 გოლი და საგოლე გადაცემაა.
„ვილიარეალმა“ კი პირველ ორ ტურში ფრედ ითამაშა და შესაბამისად 2 ქულით სატურნიორო ცხრილში ამ დროისთვის მე-7 ადგილზე იმყოფება. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს, სტუმრად „ალავესთან“ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.