გურამ თუშიშვილი, ილია სულამანიძე, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი, ლაშა ბექაური, შოთა ხაბარელი
Aa
Aa

„ტატო სწორ ანალიზს გააკეთებდა, არბუზოვიც ისეთი ძლიერი აღარ არის“ - ინტერვიუ შოთა ხაბარელთან

უკვე რამდენიმე კვირაა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშეა - ლაშა გუჯეჯიანმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და მისი შემცვლელის შესახებ ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაციები არ ვრცელდება. არადა, მსოფლიოს ჩემპიონატი კარს არის მომდგარი და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გუნდის წევრები ინტენსიურად ემზადებიან, მთავარი მწვრთნელის პოსტის ვაკანტურობა ბუნებრივია შესაძლოა თითოეულ მათგანში დაბნეულობას იწვევდეს. რამდენად ამართლებს გუჯეჯიანის გადაწყვეტილებას, ვის ხედავს მის რეალურ შემცვლელად და როგორი იმედებით ხვდება პლანეტის პირველობას, ამის თაობაზე Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეროვნული გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა და ლეგენდარულმა ძიუდოისტმა შოთა ხაბარელმა დეტალურად ისაუბრა.

შოთა ხაბარელი

რამდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის გუჯეჯიანის გადაწყვეტილება? სიმართლე გითხრათ, სიღრმისეულად არ ვიცი, რა მოხდა და შიდა სამზარეულოშიც ნაკლებად ვარ ჩახედული. ალბათ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი უკეთესად განმარტავს ამ ყველაფერს. ამიტომ ვერ შევაფასებ მე ამას, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატამდე თვენახევრით ადრე, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენა, ცოტა არ იყოს არ არის კარგი, თუმცა ნაკრებთან ერთად არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომელთაც შეუძლიათ ძიუდოისტების სათანადოდ მომზადება, მაგრამ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება მაინცდამაინც სასურველი არ იყო.

ვის მივიჩნევ მთავარი მწვრთნელობის რეალურ კანდიდატად? ამჟამად სამწვრთნელო შტაბში ვინც მუშაობენ, ყველა ჩემს ხელშია გამოვლილი, მაგრამ არ მინდა კონკრეტულად ვინმეს დასახელება. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ მე ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში ყოველთვის წინააღმდეგი ვარ უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანის, რადგან ჩვენი სტილი და მენტალიტეტი ისეთია, რომ აქ მარტო ქართველი წარმართავს საწვრთნელ პროცესს ჯეროვნად.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია და მოწინავე პოზიციაზეა, რადგან ყველა წონით კატეგორიაში გვყავს უძლიერესი სპორტსმენები. ეს თაობა მართლაც ოქროსია, რომლისგანაც ყოველთვის უნდა ველოდოთ წარმატებას. იგივე გიორგი სარდალაშვილი ძალიან მაგარი ბიჭია. ვაჟა მარგველაშვილმა ცოტა პოზიციები კი დათმო, მაგრამ არ არის გამორიცხული ოლიმპიადამდე თავი რამდენიმე ტურნირზე გამოიჩინოს და შედეგები დადოს. იგივე შემიძლია ვთქვა ლაშა შავდათუაშვილზე - რაც მან თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გააკეთა, ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო.

რაც შეეხება გრიგალაშვილი-არბუზოვის დაპირისპირებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოდროინდელი წარუმატებლობებიდან ტატო დიდ ანალიზს გააკეთებდა. თანაც, ბოლო პერიოდში რაც მე არბუზოვს ვუყურე, უკვე ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორც თბილისში ევროპის ჩემპიონატზე და მანამდე მსოფლიოს პირველობაზე იყო. კარგად იგრძნობა, რომ მეტოქეებმა შეისწავლეს და გრიგალაშვილიც აუცილებლად შეისწავლიდა. თუმცა, ამ წონაში მარტო მათი დაპირისპირება არ არის, სამხრეთ კორეას და იაპონიასაც ძლიერი წარმომადგენლები ჰყავს.

90 კილოგრამში რომ ლაშა ბექაური გვყავს და ლუკა მაისურაძეც, ეს ჩვენთვის ნამდვილი ფუფუნებაა. ოთხმოცდაათს ქართველების წონა ნამდვილად შეგვიძლია დავარქვათ, რადგან ლაშამდე და ლუკამდე ზურაბ ზვიადაურის, ირაკლი ცირეკიძის და ვარლამ ლიპარტელიანის გახსენებაც შეიძლება. აქ მთავარია როგორ წავა ბექაურის რეაბილიტაციისა და აღდგენის პროცესი. მე რომ ვუძღვებოდე საწვრთნელ შეკრებას, მაშინვე გავაკეთებდი დასკვნას, შეძლებდა თუ არა ლაშა იმ ხელისა და მხრის სათანადოდ დატვირთვას, ეს ახლა უკვე თავისი და მისი მწვრთნელის გადასაწყვეტია. რასაც სოციალურ ქსელში ვუყურებ, დიდ დატვირთვებს არ იღებს, თუმცა ამ ბიჭისგან მაინც მაქსიმუმის მოლოდინი გვაქვს, რადგან ოლიმპიადა საოპერაციო მხრით აქვს მოგებული.

ილია სულამანიძე არის უბრწყინვალესი ახალგაზრდა, რომლისგანაც ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს უნდა ველოდოთ, რადგან როგორც ტექნიკურად, ასევე ტაქტიკურად თითოეულ ტურნირს უმაღლეს დონეზე მომზადებული ხვდება. სულ ოლიმპიადა მახსენდება, სადაც ყველას მოუგო და ფინალში მეტოქესთან კი არა, ალბათ უფრო საკუთარ თავთან დამარცხდა.

გურამ თუშიშვილი არის ნამდვილი ლეგენდა, რომელიც სანამ ტატამიზე იდგება, ნებისმიერი მეტოქისთვის საშიში იქნება. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი მებრძოლი სული. მძიმე წონასთან შედარებით თითქოს სხვებთან შედარებით მცირე გაბარიტებისაა, თუმცა მაინც საოცარ შედეგებს გვაჩვენებს.

ჩემი გადმოსახედიდან ლაშა გუჯეჯიანს ეს ოლიმპიური ციკლი უნდა ჩაემთავრებინა და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიეღო, თუ რაღა თქმა უნდა შიგნით არ მოხდა რაიმე დაპირისპირება, რის შესახებაც მე ინფორმაციას არ ვფლობ. რაც შეეხება მისი მუშაობის შეფასებას, ბუნებრივია გვერდში გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული მწვრთნელთა საბჭოც ედგა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით ნაკრები გამოიყურებოდა ძალიან კარგად და ეს არის ფაქტი, რასაც ვერავინ ვერ გაექცევა.

ცნობისათვის, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ძიუდოში აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 4-11 ოქტომბერს უმასპინძლებს. შარშანდელი პლანეტის პირველობა ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ტურნირის ვიცე-ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტატოს ტალანტი და ბექაური-მაისურაძის კონკურენცია - ინტერვიუ ნესტორ ხერგიანთან
ტატოს ტალანტი და ბექაური-მაისურაძის კონკურენცია - ინტერვიუ ნესტორ ხერგიანთან