„საქართველოს გმირი კიდევ ერთხელ გახდა“ | IJF ბექაურის თავგანწირვას გამოეხმაურა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის ბოლო დღეს გუნდური შეჯიბრება ვიხილეთ, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა მესამე ადგილი ჩინეთის დამარცხებით გაინაღდა, მანამდე კი რეპეშაჟში საფრანგეთს 4:3 აჯობა.
საფრანგეთთან გადამწყვეტი გამარჯვება ლაშა ბექაურმა მოიპოვა, რომელმაც საოცარი თავგანწირვა და გმირობა აჩვენა. ლაშამ ალექსა მიტროვიჩთან გამართულ პირველ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, თუმცა გადამწყვეტ დაპირისპირებაში ტატამიზე მაინც გავიდა და უდიდესი ტკივილის ფონზე გაიმარჯვა.
ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ შეხვედრის შემდეგ ბექაურმა ტატამი დამოუკიდებლად ვერ დატოვა და მისი გაყვანა გახდა საჭირო. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის გმირობამ ძიუდოს სამყაროს ყურადღება მიიქცია და ლაშას თავგანწირვას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაც გამოეხმაურა. IJF-მა გუნდური შეჯიბრების შედეგები შეაფასა და ლაშაზე დაწერა.
„ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური, ინდივიდუალურ ასპარეზობას სანშირო მურაოსთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ გუნდურ შეჯიბრებაზე ბრწყინვალედ იასპარეზა. ბექაური კიდევ ერთხელ გახდა საქართველოს გმირი.
ლაშამ პირველ შეხვედრაში, მიტროვიჩთან, ტრავმა მიიღო, მაგრამ გადამწყვეტი დაპირისპირებისთვის სწორედ მისი წონა შეირჩა. ბექაური ტატამიზე კოჭლობით შევიდა და გუნდისთვის ყველაფერი გაიღო. აშკარა ტკივილების ფონზე, მან ქულა მაინც მოიპოვა და საკუთარი გუნდი ფინალურ ბლოკში გაიყვანა“, — წერს IJF.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი, ინდივიდუალურ ჩათვლაში, ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე გახდნენ. ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლი აიღო, გიორგი სარდალაშვილმა — ბრინჯაო.