„მის ადგილზე ბევრი თავის მართლებას დაიწყებდა“ - ტატომ მეტოქემ შეაქო
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალმა დრამატულ ბრძოლაში ჩაიარა და მასპინძლების ფალავანი ზელიმ ტცკაევი ქართველ ტატო გრიგალაშვილთან დამატებით დროში დამარცხდა. როდესაც ზელიმს ბრძოლის შემდეგ ჟურნალისტებმა წაგების მიზეზზე ჰკითხეს, მისგან მოკლე და კონკრეტული პასუხი მიიღეს: „ტატო ჩემზე ძლიერი იყო და ამიტომაც დავმარცხდი“. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება სამშობლოში დაბრუნებულმა გრიგალაშვილმა და Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანელ კონკურენტს ძალიან კარგი ადამიანი უწოდა.
ტატო გრიგალაშვილი
ზელიმ ტცკაევი ძალიან კარგი ადამიანი და ამას ხაზი აუცილებლად უნდა გავუსვა, რადგან ბევრი სპორტსმენი ასეთ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავის მართლებას დაიწყებდა, აი ამის გამო წავაგე, აი იმის გამო წავაგე და ასე შემდეგ. ზელიმი კი გამოვიდა და თქვა, რომ ტატო ჩემზე ძლიერი იყო და ამიტომაც დავჯერდი ვერცხლის მედალსო. მის განცხადებას ასე ვუპასუხებდი - ორივე ძლიერები ვართ და ამ შეხვედრაში გაიმარჯვა იმან, რომელსაც უფრო მტკიცე ნერვები, მეტი მონდომება ჰქონდა და რომელმაც წნეხს გაუძლო.
შესაძლოა, დარბაზში აზერბაიჯანელები გაცილებით მეტნი იყვნენ, მაგრამ ქართველებიც საკმარისი რაოდენობით გვყავდა და მათი შეძახილები მთელი ბრძოლის დროს მესმოდა. მეორე დღეს ტცკაევს შევხვდი და ასეთი კომენტარისთვის მადლობის გადახდის გარდა, ვეცადე გამემხნევებინა, რადგან ფინალის წაგება რომ რთულია, კარგად ვიცი, რამეთუ მის ადგილზე კარიერაში ორჯერ ვიყავი.
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია, რითაც ქართული ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მთლიანად ქართულ სპორტს თუ ავიღებთ მხედველობაში, ამ გამარჯვებით პლანეტის პირველობებზე მოგებული ოქროს მედლების რაოდენობით თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, ლევან თედიაშვილსა და ლერი ხაბელოვს და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომან რურუას გაუთანაბრდა. ტატოზე წინ მხოლოდ ძალოსანი ლაშა ტალახაძეა, რომელიც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს