„ინტერესი ბევრი გუნდისგანაა, მაგრამ...“ - კრაიოვაში მექვაბიშვილის მომავალზე ისაუბრეს
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუმინულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ MLS-ის კლუბი „ჩიკაგო ფაიერი“ საქართველოს ნაკრებისა და „კრაიოვა უნივერსიტატიას“ ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის დამატებით აქტიურად არის დაინტერესებული, თუმცა გუშინ, რუმინულმა GSP-მა დაწერა, რომ იმის მიუხედავად, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო, ტრანსფერი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჩაიშალა.
ქართველი ნახევარმცველის მდგომარეობასთან დაკავშირებით სააგენტო Fanatik-თან „კრაიოვას“ სპორტულმა დირექტორმა, მარიო ფელგეირამ ისაუბრა, რომელმაც მექვაბიშვილის მიმართ რამდენიმე გუნდის ინტერესი დაადასტურა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ჩიკაგოს გარდა ქართველი ფეხბურთელით სხვა გუნდებიც არიან დაინტერესებულნი:
„დიახ, „ჩიკაგო ფაიერიდან“ შეთავაზება მივიღეთ. ანზორის ტრანსფერზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს და ეს ახლა არ დაწყებულა. ინტერესი მხოლოდ ჩიკაგოდან არ არის. რამდენიმე სხვა ვარიანტიც არსებობს.
ერთი რამის გარანტია ნამდვილად შემიძლია მოგცეთ - ანზორი გონებით მთლიანად „კრაიოვაზეა“ კონცენტრირებული, რათა გუნდს დაეხმაროს. ჩიკაგოს შეთავაზება რეალურია. როგორც კარგად იცით, ბოლო სიტყვა ბატონ როტარუს ეკუთვნის. ჩვენ განვიხილავთ როგორც ფინანსურ, ისე სპორტულ მხარეს და საბოლოოდ, მთავარია შეიქმნას ისეთი ვითარება, სადაც ყველა მოგებული დარჩება“, - ამბობს კლუბის სპორტული დირექტორი.
2024 წლის იანვარში „კრაიოვამ“ მექვაბიშვილი „დინამო თბილისიდან“ 750 000 ევროდ შეიძინა. „კრაიოვა“ რუმინეთის ჩემპიონი, ქვეყნის თასისა და სუპერთასის გამარჯვებულია, რაშიც ქართველის წვლილი დიდია, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. მექვაბიშვილმა ყველა ტურნირის ჩათვლით „კრაიოვას“ მაისურით 118 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, ასევე 13 ყვითელი ბარათიც მიიღო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე 33 მატჩი, 4 საგოლე პასი და 3 ყვითელი ბარათია.