ბულგარეთის ოქროს ხანა - სტოიჩკოვის გუნდის ზღაპრული მუნდიალი
1993 წლის 17 ნოემბერი, პარიზი - შვედეთს უკვე მოპოვებული აქვს აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზური, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთსა და ბულგარეთს შორის ერთ-ერთი მუნდიალს მიღმა დარჩება.
ჟერარ ულიეს გაწვრთნილი საფრანგეთის ნაკრებისთვის მატჩი მარტივი ჩანდა. „სამფეროვნებს“ ჰყავდათ მარსელ დესაი, ლორან ბლანი, დიდიე დეშამი და, რაც მთავარია, დავიდ ჟინოლა და ერიკ კანტონა. მეტიც, მუნდიალზე გასასვლელად ფრანგებს ფრეც ჰყოფნიდათ.
თუმცა ერიკ კანტონას გოლს ბალკანელებმა ჯერ ემილ კოსტადინოვის ზუსტი დარტყმით უპასუხეს, ბოლო წუთზე კი კოსტადინოვმა დუბლი გაიფორმა და ბულგარეთი მუნდიალზე გაიყვანა.

დიმიტარ პენევის გუნდის მთავარ ვარსკვლავს, ხრისტო სტოიჩკოვს საფეხბურთო სამყარო უკვე იცნობდა, ნასკო სირაკოვს, იორდან ლეჩკოვს, კრასიმირ ბალაკოვსა და კოსტადინოვს კი პოპულარობა წინ ელოდათ.
რა მოხდებოდა, თუ...
1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბულგარეთი ვერ გავიდოდა, ლიუბოსლავ პენევს და ემილ კოსტადინოვს რომ საფრანგეთის საზღვარი უკანონოდ არ გადაეკვეთათ. ისინი საფრანგეთში მანქანით, გერმანიიდან ჩავიდნენ. საჭესთან გეორგი გეორგიევი იჯდა, რომელიც ფრანგულ „მულუზში“ თამაშობდა და იცოდა, რომელი გზებით უნდა ევლო, რათა მკაცრი სასაზღვრო კონტროლისთვის აერიდებინა თავი.
იქამდე ბულგარული ფეხბურთი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდა - საშუალო კლასის კლუბები, ფეხბურთელები და მწვრთნელები. ბულგარეთის ნაკრები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორისაც არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ ყველაფერი 1980-იანი წლების ბოლოს შეიცვალა, როცა სოფიის ცსკაში სტოიჩკოვი გამოჩნდა.

1985 წლის ბულგარეთის თასის ფინალში ჩხუბისთვის 19 წლის ხრისტო სამუდამო დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რომელიც შემდეგ ერთ წლამდე შემცირდა და ეს გადაწყვეტილება ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა. 1988-89 წლების სეზონში სტოიჩკოვმა თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში „ბარსელონას“ კარი სამჯერ აიღო და იოჰან კუმანის ყურადღებაც მიიპყრო. მომდევნო წელს სტოიჩოვმა ცსკას მაისურით 30 მატჩში 38 გოლი გაიტანა, „ოქროს ბუცი“ მოიგო და „კამპ ნოუზე“ გადაბარგდა.
კუმანმა ბარსას ხელმძღვანელობას სტოიჩკოვის მოყვანა ჯერ კიდევ 1989 წელს სთხოვა, თუმცა დიდ პრობლემას წააწყდა: ბულგარეთის კანონმდებლობა 28 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავდა. საბედნიეროდ, ეს შეზღუდვა მომავალ წელს გაუქმდა და სტოიჩკოვი კატალონიისკენ გაეშურა, სადაც ჩემპიონთა ლიგა, თასების მფლობელთა თასი და 5 ლა ლიგა მოიგო, ცსკაში მოგებულ ოქროს ბუცს კი 1994 წელს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო, „ოქროს ბურთი“ მიამატა.
მუნდიალი
„ბულგარეთში მხოლოდ იოგურტის წარმოება გვაქვს, თუმცა ფეხბურთში ღარიბებს მდიდრების დამარცხება შეუძლიათ“, - ამბობდა ხრისტო სტოიჩკოვი, რომელიც ღამეებს რომარიოსთან ერთად ბარსელონას კლუბებში ათენებდა, 1994 წლის მუნდიალზე კი ბულგარელების მთავარი ვარსკვლავი იყო. „არსებობს ორი ქრისტე - ერთი ცაშია, მეორე კი მე ვარ“ - ესეც ხრისტო სტოიჩკოვის სიტყვებია, რომელიც კარგად აჩვენებს, თუ როგორი პოპულარული იყო ის სამშობლოში.

მსოფლიო ჩემპიონატზე ბულგარეთი ნიგერიასთან დამარცხდა (0:3), შემდეგ კი საბერძნეთს (4:0) და დიეგო მარადონას გარეშე დარჩენილ არგენტინას მოუგო (2:0). ჯგუფიდან პლეიოფში სამი გუნდი გადიოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ 6 ქულით პენევის გუნდი მერვედფინალში გავიდა.
პლეიოფში ბულგარეთმა პენალტების სერიაში მექსიკას მოუგო, მეოთხედფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები კი გერმანელები დაამწუხრა - 2:1.
ნახევარფინალში პენევის გუნდი რობერტო ბაჯოს იტალიამ გააჩერა (1:2), მესამე ადგილისთვის მატჩში კი დემოტივირებული ბულგარელები შვედეთმა გაანადგურა (0:4). ასე დასრულდა ბულგარეთის ზღაპრული გამოსვლა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.