ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პარი სენ-ჟერმენის ტოპ 8 გოლიდან 2 კვარასია | L’Equipe-მა რეიტინგი შეადგინა

L’Equipe-მა „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელების მიერ 2025/26 წლების სეზონში გატანილი საუკეთესო გოლების რეიტინგი შემოგვთავაზა. ფრანგულმა გამოცემამ 8 გოლი გამოარჩია და ორი მათგანის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

რეიტინგი L’Equipe-ის საფეხბურთო ექსპერტების მიერაა შედგენილი. ფრანგული გამოცემა „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილ ფეხბურთელებს, მაქსველს, რიკარდო გომეშსა და დანიელ ლიუბოიას დაუკავშირდა და მათ გოლების შეფასება სთხოვა.

მეორე ადგილი — ხვიჩა კვარაცხელია „ჩელსის“ წინააღმდეგ, 11 მარტი

„ხვიჩას ამ გოლსა და უსმან დემბელეს მიერ შეგდებულ ბურთს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდა. ამ გოლზე უამრავი რამის თქმა შეგვიძლია. ხვიჩასგან მსგავს სტილში გატანილი ბევრი გოლი გვინახავს, მაგრამ ამ ეპიზოდში გადაწყვეტილებას ისე სწრაფად იღებს, მცველი ვერაფერს აკეთებს“, — ამბობს რიკარდო გომეში.

„საოცარი დაგვირგვინება იყო, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ალბათ არ ყოფილა. ფაქტია, იმ მომენტში, იმ შეხვედრაში, „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო“, — აცხადებს მაქსველი.

მეოთხე ადგილი — ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტას“ წინააღმდეგ, 17 სექტემბერი

„ნეაპოლელებს ვეთანხმები! ნამდვილად კვარადონაა! ამ შემთხვევაშიც, სისწრაფის გარდა, შთამბეჭდავია ის, რომ თამაშს კითხულობს, სივრცეებს ხედავს და შანსს იყენებს“, — ამბობს რიკარდო გომეში.

„ძალიან ცოტა ფეხბურთელი მინახავს, რომელსაც ასეთი მრავალფეროვანი უნარები აქვს. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ამ გოლის ეპიზოდში ბურთით რამდენი ირბინა... ბურთის კონტროლის საკუთარი უნარის ბოლომდე რომ არ გჯეროდეს, ამას ვერ გააკეთებდი“, — დასძენს ლიუბოია.

ცნობისთვის, L’Equipe-ის რეიტინგში პირველი ადგილი უსმან დემბელეს გოლმა დაიკავა, რომელიც ფრანგმა ფეხბურთელმა „ლილს“ გაუტანა. მესამე ადგილზე ჟოაუ ნევეშის ბურთია „ტულუზას“ წინააღმდეგ. მეხუთე — დემბელე (მარსელთან, 8 თებერვალი), მეექვსე — ვიტინია (ტოტენჰემთან, 26 ნოემბერი), მეშვიდე — დეზირე დუე (ნანტი, 22 აპრილი), მერვე — ნუნუ მენდეში (ლილი, 5 ოქტომბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის ბრწყინვალე გოლი - ვილიარეალმა ატლეტიკო გაანადგურა
მიქაუტაძის ბრწყინვალე გოლი - ვილიარეალმა ატლეტიკო გაანადგურა