მესიმ შეცვლა მოითხოვა | 10-გოლიანი თრილერი და ინტერ მაიამის გამარჯვება
„ინტერ მაიამიმ“ MLS-ში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. ლიონელ მესის გუნდი საშინაო არენაზე, „ენიუ სთედიუმზე“ „ფილადელფია უნიონს“ დაუპირისპირდა და გულშემატკივრებმა 10-გოლიანი თრილერი იხილეს, რომელშიც გამარჯვება ფლორიდელებს დარჩათ — 6:4.
მატჩში ანგარიში „ფილადელფიამ“ გახსნა, მე-10 წუთისთვის კი, მილან ილოსკის დუბლით, 2:0-ს იგებდა. მე-13 წუთზე მესიმ საგოლე გადაცემა მიითვალა და ხერმან ბერტერამეს გაატანინა — 1:2. „უნიონმა“ ბრუნო დამიანის წყალობით 2-ბურთიანი უპირატესობა დაიბრუნა, თუმცა პირველი ტაიმი მაინც ვერ მოიგო.
29-ე წუთზე ლუის სუარესმა ჩამორჩენა შეამცირა — 2:3. 41-ე წუთზე მესიმ მეორე საგოლე გადაცემა გააკეთა და მისი პასით ბერტერამემ დუბლი მიითვალა, 44-ე წუთზე კი სუარესმა „ფილადელფიას“ კარი მეორედ აიღო — 4:3. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში „უნიონმა“ პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, რომელიც ილოსკიმ გამოიყენა — 4:4.
მეორე ნახევარში ორი გოლი გავიდა. 81-ე წუთზე სუარესმა „ინტერ მაიამი“ წინ გაიყვანა, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი როდრიგო დე პოლმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 6:4.
„ინტერ მაიამიმ“ ორივე გოლი მესის გასვლის შემდეგ გაიტანა. ლიონელმა 73-ე წუთზე ცვლილება მოითხოვა და მოედნის დატოვების შემდეგ პირდაპირ გასახდელში შევიდა. თავდაპირველად დაიწერა, რომ მან ტრავმა მიიღო, მაგრამ არგენტინული გამოცემის, TyC Sports-ის ინფორმაციით, „ლა პულგას“ ბარძაყის უკანა კუნთი დაეჭიმა. მას ტრავმა არ აქვს და მოედანი სიფრთხილის გამო დატოვა. ლიონელს არ სურდა, მოახლოებული მსოფლიოს წინ კუნთი ზედმეტად დაეტვირთა და გაერისკა. ფლორიდელთა დროებითი მთავარი მწვრთნელის, გილერმო ჰოიოსის მიხედვით, ლეო გადაღლილი იყო და კლუბმა არასაჭირო რისკს თავი აარიდა.
ცნობისთვის, „ინტერ მაიამის“ 31 ქულა აქვს და მუნდიალის დაწყებამდე თამაშს აღარ გამართავს. ფლორიდელებს მომდევნო თამაში 23 ივლისს ელით და „ჩიკაგო ფაიერს“ დაუპირისპირდებიან.