„რაღაც მხრივ ქართველებს ჰგვანან“ | ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა სუპერვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ოფიციალურ არხს ინტერვიუ მისცა. „კვარამ“ „პარი სენ-ჟერმენზე“, თანაგუნდელებზე, ჩემპიონთა ლიგასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ყოველთვის, როდესაც მოედანზე გავდივარ, ვცდილობ, სიამოვნება მივიღო. ეს სპორტი ძალიან მიყვარს და ვამაყობ, რომ უფალმა ასეთი ნიჭი მიბოძა. ყოველდღე, ყოველი ვარჯიშისას, როდესაც ბურთს ვეხები, სიამაყის შეგრძნება მეუფლება.
ვფიქრობ, თანამედროვე ფეხბურთში შედარებით რთულია მოედანზე სიამოვნება მიიღო, რადგან ძალიან ძლიერი მეტოქეები გყავს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქმე შევასრულო და ვისიამოვნო. შეიძლება ზოგჯერ რთულია, მაგრამ მე ცდას არ ვაკლებ.
ურთულესია იდეალური ფეხბურთელი იყო. ყველა მოთამაშეს აქვს რაღაც, რის გაუმჯობესებაც შეუძლია და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, გოლებისა და საგოლე გადაცემების მხრივ მოვუმატო, თუმცა ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ გოლები და ასისტები არაა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ გუნდს როგორ ვეხმარები და მისთვის რას ვაკეთებ, რადგან ზოგჯერ გოლი ან ასისტი არ გაქვს, მაგრამ მოედანზე ყველაფერს დებ და გუნდს გამარჯვებაში მაინც ეხმარები. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. როდესაც მატჩი რჩება, უნდა ვიცოდე, რომ გუნდისთვის 100 პროცენტი გავაკეთე.
ვფიქრობ, თავდაპირველად უფრო ინდივიდუალისტი ვიყავი, ვიდრე გუნდური მოთამაშე, მაგრამ გავაანალიზე, რომ გუნდის გარეშე არაფერს წარმოადგენ. მივხვდი, რომ როდესაც კარგი თანაგუნდელები გყავს და მათთვის მაქსიმუმს აკეთებ, შედეგს აუცილებლად მიიღებ.
„პარი სენ-ჟერმენში“ მრავლად არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მსგავსი მენტალიტეტი აქვთ: ერთმანეთისთვის ვიხარჯებით, ერთმანეთისთვის ვიბრძვით და ერთმანეთით ვამაყობთ. ბევრჯერ მითქვამს, რომ როდესაც ვარჯიშზე მივდივარ და მათ შორის ვიმყოფები, ბედნიერი ვარ. ისინი ყოველთვის იცინიან და მათგან სულ პოზიტივი მოდის. ვამაყობ, რომ მყავს თანაგუნდელები, რომლებიც რაღაც მხრივ ქართველებს ძალიან ჰგვანან.
ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე ისაა, რომ ერთად ბედნიერები ვართ, ერთ მუშტად ვართ შეკრული და ვიცით, რომ თუ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ნებისმიერს დავამარცხებთ. როდესაც „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხარ, ამბიცია აუცილებლად გაქვს, რადგან ბევრ მოთამაშეს უნდა შენს ადგილას ყოფნა და ყველა შეხვედრაში უნდა აჩვენო, რომ ამ გუნდის მაისურის ტარებას იმსახურებ. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო და მინდა, ამ გუნდთან ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტული და თამაში მოვიგო.
ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ მატჩის ბედი გადაწყვიტონ. ერთხელ შეიძლება ეს შენ გააკეთო, მეორედ — სხვამ, მესამედ კი მთლიანად გუნდმა შექმნას განსხვავება. ამ კლუბს ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი გუნდი არ თამაშობს და გოლის გატანა რთულია, მაგრამ საოცარი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც მომენტს მიქმნიან და ერთადერთი ისღა მრჩება — დავარტყა და გავიტანო. ვამაყობ, რომ გოლები გამაქვს. კარგ ფორმაში ვარ და ვცდილობ, ჩემი საქმე მაქსიმალურად კარგად შევასრულო. მეტი გოლის გატანა მინდა.
შეიძლება არის მომენტები, როდესაც საჭიროზე მეტად ემოციური ვარ. არის მომენტები, როდესაც ნაკლებად ემოციური ვარ — ხასიათზეა დამოკიდებული. მთავარია, რომ მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ზოგჯერ ემოციებს ყვები, მაგრამ როდესაც გოლი გაგაქვს, ემოციის გამოხატვა საუკეთესო რამაა. ყოველთვის, როდესაც მოედანზე გავდივარ, მინდა ეს ემოცია ვიგრძნო.
ყველა ტოპ ფეხბურთელის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. როდესაც ამ ტურნირზე თამაშობ და მისი ჰიმნი გესმის, უბრალოდ ბედნიერი ადამიანი ხარ და ხვდები, რომ კარგი სამუშაო გასწიე. როდესაც იცი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გაქვს სათამაშო, საკუთარი თავი უნდა მოამზადო, რადგან დიდი თამაში გელოდება.
ვფიქრობ, ბევრი რამ შეიცვალა, რადგან შარშანდელის გამო გუნდებმა იციან, „პარი სენ-ჟერმენი“ როგორ თამაშობს. ისინი ცდილობენ, ჩვენი სტრატეგია გაანადგურონ, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ გამოსავლის პოვნა შეგვიძლია. ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ვიცით, რომ საკმარისი ხარისხი გვავს, რათა ნებისმიერი ოპონენტი დავამარცხოთ. უბრალოდ ჩვენს თამაშზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული. გასულ სეზონში ბრწყინვალე სამუშაო გავწიეთ და ვცდილობთ, იგივე გავიმეოროთ.
შესანიშნავი ცხოვრება მაქვს და ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ეს ცხოვრება მარგუნა. ამაყი კაცი ვარ!“
ცნობისთვის, კვარაცხელიას და „პარი სენ-ჟერმენის“ მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგის ფინალია — 30 მაისს, თბილისის დროით, 20:00-ზე ფრანგები „არსენალს“ დაუპირისპირდებიან.