ოჩხიკიძის ორმაგი დუბლი - ბათუმმა უპირატესობა მოიპოვა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობა „ბათუმის“ მხარეს გადავიდა. ამის გაკეთება ბუბა ბერიშვილის მომზადებულმა კლუბმა „თბილისი არენას“ დარბაზში „თსუ“-სთან 28-ქულიანი სხვაობით, 91:63 გამარჯვების შედეგად შეძლო.
ბათუმელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი მათი ამერიკელი ლეგიონერი მაირინ ტომასი იყო, რომელმაც არასრულ 34 წუთში ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი, ცამეტიდან თერთმეტი საჯარიმო ჩააგდო და 26 ქულას მოუყარა თავი. წარმატებაში საკუთარი წვლილი ორმაგი დუბლით შეიტანა გიორგი ოჩხიკიძემ, რომლის ანგარიშზეც 10 ქულასთან ერთად, 10 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. თსუ-ში კი ყველაზე მეტი 17 ქულა კურვოსიე მაკოლიმ მიითვალა.
ცნობისათვის, ახლა ფინალური სერია ბათუმში გადაინაცვლებს, სადაც ორი მატჩი, 26 და 28 მაისს გაიმართება. თუ ამ ორიდან თსუ-მ ერთში მაინც გაიმარჯვა, მოედნის უპირატესობას დაიბრუნებს და გადამწყვეტ თამაშს 31 მაისს, „თბილისი არენაზე“ ჩაატარებს.