ლონდარიძის საოცარი მატჩი - ორბის ისტორიული ბრინჯაოს მედლები
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი „ორბი“ გახდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ტყიბულის გუნდი ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ „ქუთაისს“ სტუმრად დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად, 6-ქულიანი სხვაობით, 86:80 დაამარცხა.
საოცარი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ილია ლონდარიძემ, რომელმაც 22 წუთში 24 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან რვიდან სამი ორქულიანი, შვიდიდან ხუთი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება „ქუთაისს“, კოტე ტუღუშის მიერ მომზადებული კალათბურთელებიდან გამორჩეული ტაირი ბოიკინი გახლდათ, რომლის აქტივშიც 36 წუთში 38 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრაა. ქუთაისელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ოთხიდან ორი ორქულიანის, თორმეტიდან შვიდი სამქულიანის და ჩვიდმეტიდან ცამეტი საჯარიმოს რეალიზება შეძლო.
ცნობისათვის, საქართველოს წლევანდელი ჩემპიონის ვინაობა თსუ-სა და „ბათუმის“ ფინალურ დაპირისპირებაში გამოვლინდება, სადაც ორი შეხვედრის ჩატარების შემდეგ ანგარიში თანაბარია.