გულის არითმია - შერმადინისთვის სეზონი დასრულდა
„ლაგუნა ტენერიფეს“ ქართველ კალათბურთელს, გიორგი შერმადინს გულის არითმიის გამო ექიმების დახმარება დასჭირდა. ინფორმაცია ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„შერმადინს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებია და ახლა ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შესაბამისი მკურნალობისა და მონიტორინგის გავლის გათვალისწინებით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ის თამაშს ვერ შეძლებს“, - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ქართველი ცენტრი „ტენერიფეს“ მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება. როკას გიედრაიტისის და მარსელინიო უერტასის ტრავმების გათვალისწინებით, „ტენერიფე“ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
„თუ აარონ დოორნეკამპი მარჯვენა მუხლის ტრავმას ვერ მოიშუშებს, ჩუს ვიდორეტა სეზონის ფინალურ მონაკვეთზე ძირითადი ხუთეულის 4 კალათბურთელის გარეშე დარჩება“, - წერს გამოცემა El Dia.
ცნობისთვის, რეგულარული სეზონის დასრულებამდე ესპანეთის ACB ლიგაში „ტენერიფე“ კიდევ 2 მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც, 2 ივნისს პლეიოფის ეტაპი დაიწყება.