მოედანზე გამოსვლიდან ხუთ წუთში გაიტანა | მექვაბიშვილის სადებიუტო გოლი MLS-ში
MLS-ში „ატლანტა იუნაიტედი“ შინ „ჩიკაგო ფაიერთან“ 2:3 დამარცხდა. სტუმართა სათადარიგოთა სკამზე ქართველი ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი იჯდა. შესვენების შემდეგ თამაშში ჩაერთო და მოედანზე გამოსვლიდან ხუთ წუთში, 51-ე წუთზე, MLS-ში პირველი გოლი გაიტანა, თავისი გუნდი დააწინაურა - 1:2.
გოლის ეპიზოდში მექვაბიშვილი, მარენ ჰაილე-სელასი და რობერტ ლევანდოვსკი მაღალ პრესინგში მოქმედებდნენ, რაც შედეგიანი აღმოჩნდა, ქართველმა მეკარის პასი ჩაჭრა და დაბალ კუთხეში შეაგდო.
მექვაბიშვილმა 35-დან 26 პასი ზუსტად შეასრულა (74%), საკუთარ ნახევარზე 20-დან 15 ზუსტი ჰქონდა, ხოლო მეტოქის ნახევარზე 15-დან 11 პასი მივიდა ადრესატამდე. გარდა ამისა, მეტოქის შეტევა ორჯერ ჩაჭრა, ბურთი 7-ჯერ დაიბრუნა, 2 ვარდნიდან ორივე წარმატებით დაასრულა, თამაშის წესი კი სამჯერ დაარღვია.
„ჩიკაგო ფაიერში'' მექვაბიშვილზე მაღალი შეფასება მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა, პირველი გოლის ავტორმა ფილიპ ცინკერნაგელმა (7,8) და გამარჯვების გოლის გამტანმა ანტონ სალეტროსმა (8,5) მიიღეს, ქართველს 7,5 დაუწერეს (Sofascore).
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა MLS-ში მესამედ ითამაშა. მას სათამაშო დრო ეტაპობრივად ეზრდება, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია. „ნეშვილთან“ 15 წუთი ითამაშა, „ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან“ — 22, ხოლო „ატლანტა იუნაიტედთან“ — სრული მეორე ტაიმი (45 წუთი).
25 წლის საყრდენმა MLS-ში პირველი ყვითელი ბარათი დღეს, „ატლანტა იუნაიტედთან'' მიიღო, არბიტრმა 79-ე წუთზე გააფრთხილა.
31 ტურის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში „ჩიკაგო ფაიერი“ 51 ქულით მე-4 ადგილზეა. ის ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ და „ნიუ ინგლენდ რევოლუშენს“ 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო ლიდერ „ნეშვილს“ — 19 ქულით.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს