ბრწყინვალე დაცვა და ვემბანიამას რეკორდი | სან ანტონიომ ოკლაჰომა დაამარცხა
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში „სან ანტონიო სპურსმა“ „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა — 2:2. მესამე მატჩის წაგების შემდეგ ტეხასელებმა მეოთხე თამაშიც საშინაო არენაზე ჩაატარეს და მოქმედ ჩემპიონს შანსი არ დაუტოვეს.
„სპურსის“ დაცვა ფენომენალური იყო და მასპინძლებმა 103:82 მოიგეს. ბოლო თამაში, რომელშიც „ოკლაჰომამ“ 90 ქულა ვერ ჩააგდო (რეგულარული და პლეიოფი), 2022 წლის 10 აპრილს იყო. ამასთან, ბოლო შემთხვევა, როდესაც „თანდერმა“ პლეიოფის შეხვედრაში 90-ქულიანი ნიშნული ვერ გადალახა, 2020 წლის აგვისტოში დაფიქსირდა.
„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო — 33 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება. სტეფონ კასლმა და დევინ ვესელმა 13-13 ქულა დააგროვეს, ხოლო დი’აარონ ფოქსის ანგარიშზე ორმაგი დუბლი იყო — 12 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა.
ვემბანიამას მიმდინარე პლეიოფში 53 დაფარება და 23 სამქულიანი აქვს გაფორმებული. 1974 წლის შემდეგ (როდესაც დაფარებების აღწერა დაიწყეს), ფრანგი ცენტრი პირველი კალათბურთელია, რომელმაც ერთ პლეიოფში მინიმუმ 50 დაფარება და 20 სამქულიანი მიითვალა.
„ოკლაჰომას“ მხრიდან 19 ქულით შეი გილჯეს-ალექსანდერი გამოირჩა. აიზეა ჰარტენშტაინს 12 ქულა ჰქონდა. ჩეთ ჰოლმგრენმა 10 ქულა დააგროვა.
ცნობისთვის, სერიის მეხუთე შეხვედრა „ოკლაჰომას“ საშინაო არენაზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 27 მაისს არის დანიშნული.