ლუკა გადრანი
Aa
Aa

გადრანი არ იყიდება | ბეითარმა პლზენის წინადადებას უარით უპასუხა

ისრაელური Sport5-ის ინფორმაციით, ჩეხურ ვიქტორ პლზენს ლუკა გადრანის დამატება სურს, თუმცა ბეითარი ისრაელის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მცველის გაყიდვის წინააღმდეგია. როგორც წყაროდან ვიგებთ, ლუკას მოქმედი კონტრაქტის პირობები გაუმჯობესდება.

„ჩეხური კლუბი იერუსალიმის ბეითარის ქართველ მცველს დაუკავშირდა, თუმცა კლუბში მკაფიოდ განმარტეს, რომ ის არ იყიდება. კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, კფირ ედრისა და ქართველ ფეხბურთელს შორის კომუნიკაცია შედგა, სადაც გაირკვა, რომ მოთამაშის ხელფასის გაზრდაზე იმსჯელებენ. რაც შეეხება შესაძლო ტრანსფერს, ბეითარი ქართველ მცველთან დაკავშირებით კონკრეტულ თანხას არ ასახელებს'' - ვკითხულობთ Sport 5-ის სტატიაში.

ისრაელის ჩემპიონატში ბეითარი მეორე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს. გადრანით დაინტერესებულმა პლზენმა ჩეხეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ბეითარის მსგავსად ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

სეზონის დასაწყისში გადრანმა კაირატი დატოვა და კარიერა ბეითარს დაუკავშირა. ტრანსფერი ისრაელელი მენეჯერის, ტალ ბენ ჰაიმის ჩართულობით განხორციელდა. ბენ ჰაიმს პრემიერ ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ბოლტონის, ჩელსის, მან. სიტის, სანდერლენდის, პორტსმუნთის, ვესტ ჰემის, ქპრ-სა და ჩარლტონის შემადგენლობაში თამაშობდა, პრემიერლიგაში 147 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ბეითარის 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ისრაელის ჩემპიონატის 2025-26 წლების სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 29 სასტარტოდან დაიწყო, 29-დან 9-ში გუნდმა გოლი არ გაუშვა, რაშიც ლუკას წვლილი დიდია. როცა ლუკა მოედანზე იყო, აღნიშნული 30 მატჩიდან ბეითარი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ამასთან ერთად, მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

გადრანს ბეითართან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით.

Transfermarkt-ი 28 წლის მცველს 600 000 ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის საუკეთესო მცველი | ლუკა გადრანის დიდი აღიარება ისრაელში
სეზონის საუკეთესო მცველი | ლუკა გადრანის დიდი აღიარება ისრაელში