„დანდის ქომაგებს დაუვიწყარი წუთები აჩუქა“ - ნემსაძე შოტლანდიაში გაიხსენეს
ქართულმა ფეხბურთმა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის სპორტულმა სამყარომ უდიდესი დანაკლისი განიცადა - 54 წლის ასაკში ლეგენდარული მოთამაშე, საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა, რომელსაც ზურგს მდიდარი საკლუბო კარიერა უმაგრებდა. ერთ-ერთი გუნდი, სადაც გამორჩეული წლები გაატარა, „დანდი“ გახლდათ და არავის გაკვირვებია, როდესაც შოტლანდიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი გიორგის გარდაცვალებას ვრცელი სტატიით გამოეხმაურა.
რას წერენ ნემსაძეზე
„დანდის“ ყველა წევრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ყოფილი მოთამაშისა და დიდების დარბაზის წევრის, გიორგი ნემსაძის 54 წლის ასაკში გარდაცვალების გამო.
ნემსაძე ივანო ბონეტის პირველი შენაძენი იყო 2000 წელს და საქართველოს კაპიტანმა „რაით როვერსის“ წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის შემდეგ, მალევე აჩვენა თავისი შესაძლებლობები „გრიმსბი თაუნის“ წინააღმდეგ შესანიშნავი სოლო დარტყმით.
მისი ვირტუოზული მუშაობა ბურთთან ყოველთვის თვალსაჩინო იყო და ნოემბერში მან კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გოლი გაიტანა - ბარი სმიტმა სიღრმიდან კლაუდიო კანიჯიას გადასცა ბურთი და მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაცემა ნემსაძისკენ ბოლომდე ზუსტი არ იყო, გიორგიმ სამი მცველი ჩამოიტოვა და იუნაიტედის საჯარიმო მოედნის მარცხენა მხარეს მდებარე ვიწრო კუთხიდან მოხდენილად გადაუგდო ბურთი ალან კომბეს.
ნემსაძემ ასევე გაიტანა გოლი იმ მატჩში, რომელმაც გუნდს იმ სეზონში საუკეთესო ექვსეულში ადგილი მოუტანა, როდესაც „აბერდინის“ წინააღმდეგ 2-0 მოგებულ მატჩში ანგარიში გახსნა.
მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო სეზონში სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც გიორგი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა, მან დანდიში საკუთარი თავი იპოვა, ანუ იგრძნო ის ნდობა, რაც მანამდე გერმანიაში(ჰომბურგი), თურქეთში (ტრაბზონსპორი), შვეიცარიასა (გრასჰოპერსი) და იტალიაში (რეჯანა) არ უგრძვნია.
მალე გიორგი „დანდის“ შოტლანდიის თასის ფინალისტობასა და ევროტურნირების საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. ფინალში გასასვლელად ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მესამე რაუნდში „პარტიკ თისლთან“ გასვლით მატჩში შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა გოლი, ხოლო ნახევარფინალში „ინვერნეს კალედონიან თისლთან“ მატჩში საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალი დარტყმით გამოიჩინა თავი, რითაც „დანდიმ“ 1:0 გამარჯვება მოიპოვა და 1964 წლის შემდეგ ევროპულ ტურნირებზე პირველად გააღწია.
აღმასვლას დაღმასვლა მოჰყვა და ჩვენი კლუბი დარღვევებისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ხოლო გიორგი იმ 15 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომელთანაც კლუბის ხელმძღვანელებს ხელფასების შესამცირებლად კონტრაქტის გაწყვეტა მოუხდა.
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ 3.5-წლიანი ასპარეზობის მანძილზე, გიორგი ნემსაძემ „დანდის“ ქომაგებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა, რის გამოც 2010 წელს კლუბის დიდების დარბაზში სრულიად დამსახურებულად შეიყვანეს, „დენს პარკის“ პუბლიკას კი მისი ცოცხლად ხილვის საშუალება უკანასკნელად 2015 წელს, ჯულიან სპერონის გამოსამშვიდობებელ მატჩში მოგვეცა.
ცნობისათვის, გიორგი ნემსაძე „დანდის“ ღირსებას 2000-2003 წლებში იცავდა და კლუბს ერთ სეზონში შოტლანდიის თასის ფინალში გასვლაშიც დაეხმარა, ჯამში კი 79 მატჩში 4 გოლით გამოიჩინა თავი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს