„საუკეთესო პერიოდი წინ გაქვს“ - კრიშტიანუმ კვარა გაამხნევა
ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის გუშინდელი და დღევანდელი დღე ნამდვილად სამწუხარო და სევდიანია - „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მესამე ტურში მიღებული ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ხვიჩა კვარაცხელიასთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. უკვე ცნობილია, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ 25 წლის ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე დღეში ოპერაციას გაიკეთებს და საკმაოდ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს. ასეთ მძიმე მომენტში ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ გაამხნევა.
კრიშტიანუ რონალდუ
ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ისეთია, რომელსაც ვერავინ ხედავს. ვიცი ეს გრძნობა. კვარა. არასდროს დაგავიწყდეს, რამ მოგიყვანა იქამდე, სადაც ახლა ხარ და ნუ მისცემ რთულ მომენტს უფლებას, ეჭვი შეგეპაროს იმაში, თუ რამდენად შორს შეგიძლია წასვლა. შეინარჩუნეთ ეს ცეცხლი შენში. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო, რადგან ხვიჩა მადრიდის „რეალს“ გულშემატკივრობდა. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე კვარამ ბავშვობის ოცნება აიხდინა და ლეგენდარული პორტუგალიელის წინააღმდეგ იასპარეზა. თანაც, მხოლოდ ასპარეზობით არ დაკმაყოფილდა, პორტუგალიის ნაკრებს გოლი გაუტანა და „ჯვაროსნებს“ სადებიუტო კონტინენტის პირველობის მერვედფინალში გასვლაში დაეხმარა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს