იამალი, რეალის ფეხბურთელების არყოფნა და შანსები | დე ლა ფუენტეს პრესკონფერენცია
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა და პირველად ისტორიაში, „ფურია როხას“ სამუნდიალო განაცხადში „რეალის“ ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა. ესპანეთის ეროვნული გუნდის დამრიგებელმა პრესკონფერენციაზე ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
მეკარეებზე: „მეკარეები უდიდესი სიფრთხილით შევარჩიეთ. ამ საკითხზე თვეების განმავლობაში ვფიქრობდით. მსოფლიოში საუკეთესო მეკარეები გვყავს და ნაკრებში გამოძახებულ სამივე გოლკიპერს შეუძლია ძირითადში დაიწყოს. სამივე ძალიან საიმედო და მაღალი ხარისხის მეკარეა“.
ჰაუსენისა და ლე ნორმანის არყოფნა: „მათ არყოფნაზე მეტად გეტყვით, თუ რატომ მოდიან ერიკ გარსია და პუბილი. ყველამ კარგად იცის, თუ რა დონის თამაშს აჩვენებენ ეს ფეხბურთელები. ჩავთვალეთ, რომ ახლა სწორი დრო იყო და ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ მათ დიდებული სეზონი ჰქონდათ. მე უკვე ვთქვი, რომ იქნებოდნენ ფეხბურთელები, რომლებიც მანამდე ჩვენთან არ ყოფილან“.
რეალის ფეხბურთელის არყოფნაზე: „მე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და არ მაინტერესებს, ფეხბურთელები რა კლუბებიდან მოდიან. ისინი ეროვნული ნაკრების მოთამაშეები არიან. ამა თუ იმ კონკრეტულ კლუბს არ ვუყურებ. არ მაქვს გეოგრაფიული მიკერძოებულობა, რომელიც შესაძლოა ქომაგს ჰქონდეს. ჩემი სურვილია, ბიჭებმა ესპანეთის ნაკრების ღირსების დაცვით იამაყონ“.
შეუძლია თუ არა ესპანეთს მსოფლიოს მოგება: „ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ვგრძნობთ თუ არა თავს ტურნირის ფავორიტად? კი. შეგვიძლია თუ არა მსოფლიოს მოგება? კი, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. არიან სხვა გუნდები, რომლებსაც იგივე სტატუსი აქვთ. ჩვენი მიზანია ბოლომდე ვიბრძოლოთ, თუმცა ფეხბურთში არის მომენტები, როდესაც მეტოქეს სჯობნი, მაგრამ მარცხდები. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ამაში ვინმეს ეჭვი არ უნდა შეეპაროს“.
კარვახალისა და მორატას არყოფნა: „მინდა დანისა და ალვაროს რამდენიმე სიტყვა ვუთხრა. მათ ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ და იმედია, მომავალში დაბრუნდებიან. კლასის, ღირსებისა და ლიდერობის წარუშლელი მემკვიდრეობა დატოვეს, თუმცა კაპიტნების ის თაობა, რომელიც გუნდში რჩება, აბსოლუტურად მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს. და კიდევ, აქ კარი არავისთვისაა დახურული“.
მსოფლიოს განაცხადი: „განაცხადი ჯერ კიდევ მრავალი თვის წინ თითქმის სრულად იყო მზად, თუმცა ვაკვირდებოდით გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, რომლებიც ფეხბურთს თან სდევს. მინდა ფერმინი ვახსენო, სიაში ბოლო ფეხბურთელი... გუშინ ღამით „ვილიარეალი“ — „ატლეტიკოს“ მატჩს ვუყურებდით და სწორედ მაშინ გაირკვა საბოლოო შემადგენლობა“.
ლამინ იამალის თამაშის საკითხი პირველ მატჩში: „არაფრის დაჩქარებას არ ვაპირებთ; კლუბებთან მუდმივი კოორდინაცია გვაქვს. ჩვენი ინფორმაციით ყველა მზად იქნება პირველი ან მეორე მატჩისთვის. ზედმეტ რისკზე არ წავალთ, თუ ეს უკიდურესად აუცილებელი არ გახდება, თუმცა თუ საჭიროება მოითხოვს, უსაფრთხოების ყველაზე მკაცრი პროტოკოლების ფარგლებში, თავად ფეხბურთელებიც მზად არიან მსოფლიო ჩემპიონატზე გარისკონ“.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, H ჯგუფში, „ფურია როხას“ მეტოქეები კაბო-ვერდე (15 ივნისი), საუდის არაბეთი (21 ივნისი) და ურუგვაი (26 ივნისი) არიან.