კვარაცხელია ან ოლისე ლივერპულში? | რას ამბობს იონ-არნე რიისე
„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, იონ-არნე რიისემ Goal-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ნორვეგიელს ჰკითხეს, რა აზრისაა, მომდევნო სატრანსფერო ფანჯრებისას „წითლებმა“ მაიკლ ოლისე ან ხვიჩა კვარაცხელია რომ გაიფორმონ.
„თუ არნე სლოტის ბოლოდროინდელ განცხადებებს დავეყრდნობით, მომავალი სეზონისთვის გარკვეული კორექტირებები იგეგმება: მოსალოდნელია ფეხბურთელების წასვლა და ახლების მოსვლა.
„ლივერპულმა“ წინა ზაფხულს მაქსიმუმი გააკეთა და ძალიან ბევრი დახარჯა. ვნახოთ, კიდევ რამდენის ინვესტირებას შეძლებენ. ფეხბურთელები, რომლებიც თქვენ ახსენეთ — ოლისე და კვარაცხელია, „ლივერპულისთვის“ საოცარი შენაძენი იქნებოდნენ, თუმცა არ ვიცი, კიდევ რა თანხის დახარჯვა შეუძლია კლუბს და არიან თუ არა მზად, დიდი ფინანსური რესურსი გაიღონ.
ამის გამო საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარას ყურადღებით მივადევნებ თვალს, რადგან ცვლილებები აუცილებელია: ამ სეზონში ზოგიერთმა ფეხბურთელმა საკუთარ დონესთან შედარებით ბევრად ცუდად იასპარეზა. შესაძლოა იმიტომ, რომ შემადგენლობაში თავი ზედმეტად ხელშეუხებლად იგრძნეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ სათანადო ძალისხმევა გაიღეს და შედეგად, გუნდის თამაში გაუარესდა.
ყველა მწვრთნელისკენ იშვერს ხელს, მაგრამ ჩვენ, ფეხბურთელებმა, კარგად ვიცით, როდის ვერ ვიყავით სათანადო დონეზე. ზოგიერთ ფეხბურთელს მომავალ სეზონში თამაშის ხარისხის საგრძნობლად გაუმჯობესება მოუწევს“.
ცნობისთვის, „ლივერპულმა“ პრემიერლიგის სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. „წითლებმა“ 60 ქულა დააგროვეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს.