გურამ კაშია: მინდა სამწვრთნელო კარიერაშიც მწვერვალს მივაღწიო
38 წლის გურამ კაშიამ, რომელიც სლოვანს ტოვებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მალე ბოლო მატჩს ჩაატარებს, სლოვაკურ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჯერ ფეხბურთელის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას გეგმავს.
კაშია Denník Šport-ს ესაუბრა: „მომავალში ნამდვილად მინდა მწვრთნელობას მივყო ხელი. ლიცენზია უკვე მაქვს, რომლის გაუმჯობესებაც დროთა განმავლობაში მსურს და მინდა ამ მიმართულებითაც მწვერვალს მივაღწიო. თუმცა, ჯერ კიდევ აქტიური ფეხბურთელი ვარ და თუ რომელიმე კლუბს ჩემი გადაბირება სურს, მათ ჯერ კიდევ აქვთ ამის შესაძლებლობა. უკვე დავიწყე ფიქრი იმაზე, ხომ არ აჯობებდა კარიერის დასრულება, თუ კიდევ ერთი სეზონით დავრჩე ფეხბურთში. ფიზიკური თვალსაზრისით ჯერ კიდევ მზად ვარ. ვნახოთ, ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონო და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მივიღო.“
გურამ კაშიამ სლოვანში ხუთი სეზონი გაატარა, ხუთივე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა. ასევე, 2024-25 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში ითამაშა, რაც მისი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტია.
გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს. 2 ივნისს, რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშებს და ეს მატჩი მის სანაკრებო კარიერაში უკანასკნელი იქნება.
გასულ ზამთარში ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა, ხუუს ჰეტერსხეიდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით კაშია მის ყოფილ კლუბთან, ვიტესთან’ მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა ქართველის დაბრუნება კლუბისთვის ფინანსურად შეუძლებელი აღმოჩნდა. ის ფაქტი, რომ კაშია ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე არაა, მოლაპარაკებისას მთავარი დაბრკოლება აღმოჩნა. ეს შიში გამართლდა. ზამთრის შესვენებისას გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ დაბრუნების ფინანსური პირობები კლუბისთვის ზედმეტად მძიმეა. კაშია ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა, რეგულაციების თანახმად, არაევროკავშირელი ფეხბურთელის გაფორმებისას ვიტესი ვალდებულია მას მაღალი სახელფასო კრიტერიუმების შესაბამისი გასამრჯელო გადაუხადოს. ზამთარში არსებული ინფორმაციით, კლუბის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი კონტრაქტის გაფორმებას შეუძლებელი იყო, მიუხედავად თავად კაშიას მზაობისა, კლუბში „უფასოდაც“ დაბრუნებულიყო, უხელფასოდ ეთამაშა.