„პროგრესის იმედი მაქვს, თორემ ასე შორს ვერ წავალთ“ - გახოკიძის შეფასება
Aa
Aa

„პროგრესის იმედი მაქვს, თორემ ასე შორს ვერ წავალთ“ - გახოკიძის შეფასება

უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული იმ 12 მატჩიდან, საიდანაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ვერც ერთის მოგება ვერ მოახერხა, მეტოქის კარში ბურთი შვიდ ქართველ ფეხბურთელს აქვს გატანილი და ერთ-ერთი მათგანი გოგა გახოკიძეა, რომელიც გულშემატკივარს ახსოვს როგორც თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და კრეატიული მოთამაშე. აქედან გამომდინარე, მასთან საუბარი და სხვადასხვა საფეხბურთო თემების შეფასება ნამდვილად ყველასთვის საინტერესოა. უკრაინელებთან დღეს დასრულებული მატჩიდან რამდენიმე წუთში გახოკიძემ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეხვედრაში განვითარებული მოვლენები ტრადიციულად დეტალურად შეაფასა.

გოგა გახოკიძე

 თითოეული გულშემატკივარი ბევრად უკეთეს თამაშს ელოდებოდა, მაგრამ ალბათ წინ არის ყველაფერი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთთან საგარეო მატჩიც, თუმცა პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხმა ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწია. დღესაც ახლა კი გვქონდა რაღაც მომენტები, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების ხარისხიდან გამომდინარე მეტს ველით და ალბათ, უფრო და უფრო მოუმატებენ. თუმცა, ამ თამაშებიდან გამომდინარე, ასე თუ განვაგრძობთ, წინ რომ ვერ წავალთ, ფაქტია.

რაც შეეხება ვილი სანიოლს, მაგ ადამიანმა ბევრი გააკეთა საქართველოს ნაკრებისთვის და ვისაც ფეხბურთი ესმის და გულშემატკივრობს, ამას ყველა კარგად ხვდება. ჩემი აზრით, მას ამ გადაწყვეტილების მიღება ადრეც შეეძლო, რადგან როდესაც ასეთ შედეგს აღწევ, ძალიან ბევრი მწვრთნელი წასვლას გამარჯვებულის ამპლუაში ამჯობინებს.

სათამაშო თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრების ძალიან ბევრი მოთამაშე კარგ კლუბში გამოდის და შეიძლება ყველა ძირითადის მუდმივი წევრი არ არის, მაგრამ ტოპ-ლიგებში საკმარისი წარმომადგენელი გვყავს საიმისოდ, რომ ეროვნული გუნდი უკეთესად გამოდიოდეს. ალბათ გააკეთებენ ანალიზს, დახვეწავენ გარკვეულ ასპექტებს, შეთამაშდებიან და დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებენ.

ცნობისათვის, საქართველოს და უკრაინის ნაკრებებს შორის აქამდე გამართული 12 მატჩიდან 7 შემთხვევაში მეტოქემ გაიმარჯვა და 5-ჯერ ფრე დაფიქსირდა. 11 შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა უკრაინელთა კარი შვიდჯერ აიღეს და გოგა გახოკიძის გარდა ამის გაკეთება ლადო ბურდულმა, შოთა არველაძემ, გიორგი დემეტრაძემ, დავით სირაძემ, მათე ვაწაძემ და გიორგი მიქაუტაძემ შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ნაკრებს მომატების პოტენციალი აქვს“ - შაშიაშვილმა უკრაინასთან მატჩი შეაფასა
„ამ ნაკრებს მომატების პოტენციალი აქვს“ - შაშიაშვილმა უკრაინასთან მატჩი შეაფასა