გიორგი შაშიაშვილი
Aa
Aa

„ამ ნაკრებს მომატების პოტენციალი აქვს“ - შაშიაშვილმა უკრაინასთან მატჩი შეაფასა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ნავსი ვერ გატეხა და უკრაინის ეროვნული გუნდის დამარცხება მეთორმეტე მცდელობაზეც ვერ შეძლო, რის გამოც უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში „ჯვაროსნების“ სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე გახდა. მატჩის შემდეგ სალაპარაკო ბევრი დაგროვდა - რა შეცვალა ვილი სანიოლის წასვლამ, რამდენად მიზანშეწონილია ფრანგის ნაცვლად რამაზ სვანაძის დანიშვნა და იგრძნობოდა თუ არა გაუმჯობესება რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართულ შეხვედრასთან შედარებით, რაზეც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი შაშიაშვილმა დეტალურად ისაუბრა.

გიორგი შაშიაშვილი

რამაზ სვანაძესთვის ეს ნაკრებში პირველი თამაში იყო და მაინც დადებითად შევაფასებდი. უკრაინასთან აქამდე მოგება არ გვქონდა და საკმაოდ კარგად ვეთამაშეთ, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მომენტი არ შევაქმნევინეთ. ისიც სათქმელია, რომ მეტოქის მთავარი მიზანი, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ქულის აღება იყო და ამ ფრემ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩვენ ჩაგვაგდო. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მოუმატოს, კიდევ უფრო განვითარდეს და ალბათ სვანაძეს მომავალში ექნება უკვე დრო საიმისოდ, რომ გუნდი თავის თარგზე მოჭრას და თავისი სტილის ფეხბურთი ათამაშოს.

ვილი სანიოლს დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა და უდიდეს წარმატებას მიაღწია, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით ნაკრებს თითქოს რესურსი ამოწურული ჰქონდა და სიახლე გვჭირდებოდა. გუნდი როდესაც ვეღარ თამაშობს, მწვრთნელი უნდა შეიცვალოს, რადგან ყველა მოთამაშეს ვერ შეცვლი. შეიძლებოდა ვილი ადრეც წასულიყო, მაგრამ დიდი დამსახურება ჰქონდა სანიოლს და ალბათ კიდევ ერთი შანსი უნდა მისცემოდა, რის გამოც ეს ერთა ლიგაც დააწყებინეს.

ამ ჯგუფიდან გასვლა და მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება. შეიძლებოდა დღევანდელ მატჩში 4-3-3-ზე გადაწყობა და მოგებაზე თამაში, მაგრამ ჩვენ შიდა სამზარეულოში არ ვართ ჩახედული და ალბათ, სამწვრთნელო შტაბმა უფრო კარგად იცის. სვანაძემ ისეთი ფეხბურთელები შეარჩია, რომლებიც წლებია ერთად მოდიან და უფრო შეთამაშებულები არიან, ირაკლი ეგოიანს კი ნაკლები დრო შესაძლოა სწორედ ამიტომ მიეცა, რომ ბოლომდე შეგუებული არ არის. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა ალბათ უფრო სასარგებლო გარემარბად არის, ვიდრე მეორე ფორვარდად და მისი ძველ პოზიციაზე დაბრუნება უფრო ადრეც შეიძლებოდა.

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მომდევნო, მესამე ტურში სტუმრად უნგრეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება და ეს მატჩი 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. 5 ოქტომბერს კი, ქართველი ფეხბურთელები უკვე ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 ტაიმი გოლის გარეშე - საქართველო უკრაინას დაუზავდა
4 ტაიმი გოლის გარეშე - საქართველო უკრაინას დაუზავდა