ბოლო შვიდ მატჩში ოთხი ჯარიმა გაიტანა | მესის მაგარი გოლი და ინტერ მაიამის მარცხი
ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ MLS-ში ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა. ზედიზედ ნათამაშები ოთხი ფრის შემდეგ, ფლორიდული კლუბი „კოლამბუს ქრიუს“ სტუმრად დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე გაშვებული გოლით დამარცხდა — 1:2.
შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა. „ინტერ მაიამის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ხოსეფ მარტინესმა გამოიყენა და „კოლამბუს ქრიუ“ დააწინაურა. 33-ე წუთზე „ლა პულგას“ ჯერი დადგა და არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
მესიმ ძალიან მაგარი გოლი გაიტანა და მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით აიღო. „ლა პულგამ“ ბოლო შვიდ შეხვედრაში მეოთხე ჯარიმა გაიტანა და ორი გოლი აკლია, რათა ყველა დროის რეკორდსმენს, მარსელინო კარიოკას დაეწიოს — მას 78 ჯარიმა აქვს გატანილი.
„კოლამბუს ქრიუმ“ მსაჯის მიერ დამატებულ მერვე წუთზე გაიმარჯვა. მასპინძელთა მხრიდან ჯამალ ტიარე გამოირჩა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა.
ცნობისთვის, „ინტერ მაიამის“ 46 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს იკავებს. ფლორიდელთა მომდევნო მეტოქე „დისი იუნაიტედია“, რომელსაც 11 ოქტომბერს, საშინაო მოედანზე დაუპირისპირდება.
რაც შეეხება მესის, მას მიმდინარე სეზონში 21 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. 2018 წლის პირველი იანვრის შემდეგ, მესიმ უფრო მეტი ჯარიმა გაიტანა, ვიდრე პენალტი (37 პენალტი, 42 ჯარიმა).