„კატეგორიულად ვამბობ, რომ ეს არ უნდა გააკეთოს!“ - სონენმა ილიაზე ისაუბრა
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ამჟამად ანალიტიკოსმა, ჩეილ სონენმა, მსუბუქ წონაში UFC-ის ტიტულის დაკარგვის შემდეგ ილია თოფურიას ქვემსუბუქ დივიზიონში შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
სონენმა კატეგორიულად გამორიცხა ეს ვარიანტი და განაცხადა, რომ თოფურია მსუბუქ წონაში ასპარეზობას გააგრძელებს მაშინაც კი, თუ სერიოზულ სირთულეებს წააწყდება.
„დაბრუნდება თუ არა ილია ქვემსუბუქ წონაში? კატეგორიულად ვამბობმ, რომ - არა. და სანამ დაიწყებთ იმის მტკიცებას, თუ რატომ შეიძლება ჰქონდეს ამას აზრი, ნება მომეცით შეგაჩეროთ. არა.
საიდან გაჩნდა საერთოდ ეს საუბრები? ჯასტინ გეიჯისგან. ჯასტინმა განაცხადა, რომ ილია ქვემსუბუქი წონის მებრძოლია. ამასთან, მან მაღალი შეფასება მისცა მის უნარებს და თქვა, რომ თოფურიას კვლავ შეეძლო ვოლკანოვსკის დამარცხება. მას ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. ის ნამდვილად კარგია, მაგრამ გაბარიტებს მნიშვნელობა აქვს და მსუბუქი წონისთვის ის საკმარისად დიდი არ არის. ყველაფერი ასეა.
შემიძლია ასე კატეგორიულად ვთქვა „არა“, რადგან მებრძოლი არასოდეს დაიკლებს წონას მხოლოდ იმისთვის, რომ პრობლემებს გაექცეს. თუ ილია 70 კგ-ში სირთულეებს წააწყდება, ის ამ წონაში დარჩება მანამ, სანამ პრობლემას არ გადაჭრის. თუნდაც ეს მისი კარიერის ან სამყაროს დასასრულამდე გაგრძელდეს. შესაძლოა, ეს მცდელობა წარმატებით არ დაგვირგვინდეს, მაგრამ ის უკან არ დაიხევს. არავითარ შემთხვევაში“, – განაცხადა სონენმა თავის პოდკასტში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გეიჯიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ამ წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა მან კატეგორიულად გამორიცხა. გეიჯიმ ასევე განაცხადა, რომ ნომერ პირველ პრეტენდენტად არმან ცარუკიანს მიიჩნევს. რაც შეეხება ილია თოფურიას, მას ჯასტინმა ქვემსუბუქ წონაში დაბრუნება ურჩია.