გოლი გვჭირდება და გოლი გვინდა | ქოჩორაშვილი დაცვაში თამაშით კმაყოფილია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა გუნდში მიმდინარე პროცესებსა და სამწვრთნელო შტაბის დავალებებზე ისაუბრა. ფეხბურთელის შეფასებით, ნაკრებმა დაცვის ფაზაში მიცემული მითითებები შეასრულა, თუმცა შეტევის ხაზში დამატებითი სამუშაოა გასაწევი.
„ის დავალება, რაც ამ ორ დღეში მთავარმა მწვრთნელმა მოგვცა დაცვის მხრივ, ვფიქრობ, შესრულდა. რა თქმა უნდა, შევეცდებით შეტევით ფაზაში უფრო მეტი ვიმუშაოთ, რადგან გოლი გვჭირდება და გვინდა. ამას დრო სჭირდება, სტაფი ძალიან გვეხმარება და იმედია, მომდევნო თამაშებში მოვახერხებთ გამარჯვების მოპოვებას და ამ ყველაფერს კარგი თამაშითა და გოლით დავაგვირგვინებთ,“ — განაცხადა ქოჩორაშვილმა.
რამაზ სვანაძესთან მუშაობის სპეციფიკაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, მან აღნიშნა, რომ მიუხედავად გუნდიდან იმ ადამიანის წასვლისა, რომელმაც მათ ევროპის ჩემპიონატზე თავის წარმოჩენის საშუალება მისცა, სვანაძის გამოცდილება 21-წლამდელთა ნაკრებიდან ფეხბურთელებისთვის ძალიან დადებითი ფაქტორია.
„ძალიან რთულია, რადგან ისეთი ადამიანი წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომელმაც ძალიან ბევრი მოგვცა და ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანა... თუმცა, რამაზ სვანაძეს დიდი გამოცდილება აქვს 21-წლამდელებში და ძალიან მაგრად დაგვეხმარა ამ თამაშისთვის მომზადებაში. ფეხბურთელისთვის მთავარია, სწორი მიმართულება მოგცენ და დავალება სწორად შეასრულო. ვიცი, რომ ის ძალიან ბევრს მუშაობს მოედანზეც და მის გარეთაც, ჩვენ კი ვეცდებით, ეს დავალებები ბოლომდე შევასრულოთ,“ — აღნიშნა ნაკრების ფეხბურთელმა.