შეუძლია, გუნდი გადააწყოს და სხვადასხვა ტაქტიკით გვათამაშოს | გოგლიჩიძე სვანაძეზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, საბა გოგლიჩიძემ უკრაინასთან უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასა, გუნდში მიმდინარე სამწვრთნელო ცვლილებებზე ისაუბრა და საკუთარ ფიზიკურ კონდიციებსაც შეეხო.
მატჩის შეფასება
„ლოგიკური ფრე დაფიქსირდა, თუმცა მიმაჩნია, რომ თამაში პოზიტივის საფუძველს ტოვებს. წინ გასვლითი შეხვედრები გველის და ეს მატჩები აუცილებლად მოსაგებია. ჩვენი გუნდი ამას ასე უყურებს, ამ განწყობით მივდივართ და ჯერ არაფერი დასრულებულა,“ — განაცხადა გოგლიჩიძემ.
ვილი სანიოლისა და რამაზ სვანაძის შესახებ
„პირველ რიგში, უდიდეს წარმატებას ვუსურვებ ვილი სანიოლს, რომელიც ძალიან კარგი პიროვნება და მწვრთნელია. სწორედ მან დამიძახა ეროვნულ ნაკრებში და მასთან ერთად გუნდმა ბევრს მიაღწია. დამერწმუნეთ, მას საქართველო უყვარდა. რაც შეეხება რამაზ სვანაძეს, მასთან მუშაობის გამოცდილება მაქვს. ყველამ იცის მისი შედეგები და უნარები — რა ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, შეუძლია სხვადასხვა ტაქტიკით გვათამაშოს და უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას გადაგვაწყოს. ამიტომ, პოზიტიურად ვართ განწყობილნი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ ჰქონდა, ამ ერთ დღეშიც ძალიან კარგად მოგვამზადა და დარწმუნებული ვარ, დღითიდღე გუნდს მისი ხელი სულ უფრო მეტად დაეტყობა.“
ინტენსიურ კალენდარსა და სათამაშო პრაქტიკაზე
„10 დღეში 4 მატჩის ჩატარება ორგანიზმზეა დამოკიდებული, მაგრამ როდესაც საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება და ეს მაისური გაცვია, 4 კი არა, 10 მატჩის ჩასატარებლადაც მზად ვარ — სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა. მთავარია, კარგად დავისვენოთ და ძალები აღვიდგინოთ. საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ კლუბში სათამაშო პრაქტიკა მაკლია ან რამეს ვერ შევძლებ, ვცდილობ, ყველაფერს პოზიტიურად შევხედო.“
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
„თავს უკეთ ვგრძნობ. მატჩი ახლახან მორჩა და მნიშვნელოვანია, ხვალ და ზეგ როგორი მდგომარეობა მექნება. თუმცა, თუ წინა შეხვედრაში მოედანი ნაადრევად დავტოვე, დღეს სრული 90 წუთი ვითამაშე. ეს უკვე დადებითი შეგრძნებაა და ფიზიკური კუთხით ნელ-ნელა წინ მივიწევ.“