„მოგება უნდოდა, ქულა აიღო და გუნდი დაცვაში არ ჩაუყენებია“ - აშვეთია სვანაძის დებიუტზე
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში მეორე საშინაო მატჩიც ვერ მოიგო. „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყოს, თუმცა უკრაინელთა კართან შექმნილი მომენტები რამაზ სვანაძის მომზადებულმა ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს და სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს. ბუნებრივია, სვანაძის გაკრიტიკება ამ ეტაპზე ყოველგვარ აზრს მოკლებულია, რადგან ის ორიოდე დღის წინ დაინიშნა მთავარ მწვრთნელად და გუნდის სათანადოდ მოსამზადებლად ჯერჯერობით დრო არ ჰქონდა. ამავე აზრზეა ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ აშვეთია, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე საათის წინ დასრულებული თამაში შეაფასა.
მიხეილ აშვეთია
კი ბატონო, ეროვნული ნაკრების ბევრ ფეხბურთელს მთელი კარიერული გზა რამაზ სვანაძის ხელში აქვს გამოვლილი, მაგრამ ამ უკანასკნელს გუნდის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო ჰქონდა და გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ საკუთარი ფილოსოფია გაატაროს. მე კმაყოფილი დავრჩი დღეს დაცვის ხაზის თამაშით, რადგან მეტოქეს გოლი არ გავატანინეთ, თუმცა შეტევაში გაცილებით მეტს ველოდი. დებიუტის კვალობაზე რამაზმა პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და ალბათ ამ თამაშის მოგება მასზე მეტად არავის უნდოდა, რადგან დიდი ზეწოლის ქვეშ იყო, ამხელა პასუხისმგებლობა აიღო და ისეთი ბიჭია, რომ ასეთ გამოწვევებს არ უშინდება. როგორც მწვრთნელი, მის დებიუტს დადებითად შევაფასებდი, თუმცა გულშემატკივრის ამპლუიდან 3 ქულას ველოდებოდი. ერთი რამ ფაქტია, ქულა აიღო, მოგება უნდოდა, გუნდი დაცვაში არ ჩაუყენებია და ნებისმიერ შემთხვევაში რამაზი შექებას იმსახურებს.
ყველა შეამჩნევდა, რომ დღეს უკრაინის ნაკრები სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფრეზე თამაშობდა. ანდრეა მალდერამ რადიკალურად განსხვავებული შემადგენლობა დააყენა და იერიშებზე გადასვლასაც ნაკლებად ცდილობდნენ. თან იტალიელი სპეციალისტია და შედეგზე თამაში კარგად გამოსდის. ჩვენი პლუსი ის არის, რომ მეტოქემ ერთი მომენტიც კი ვერ შეგვიქმნა. ისიც სათქმელია, რომ საქართველოს ნაკრებს ექვს დღეში ორი მატჩის ჩატარება მოუწია და მე-60 წუთის მერე დაღლა შეგვეტყო, რადგან უკრაინას ჩვენგან განსხვავებით უფრო მეტი რესურსი აქვთ.
ვილი სანიოლის ახლა გაშვება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. თუ აპირებდნენ ამის გაკეთებას, ერთა ლიგის დაწყებამდეც შეიძლებოდა, მაგრამ ალბათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა უკეთ იციან შიგნით რა ხდებოდა და როდის რისი გაკეთება იყო საჭირო. სანიოლის გაშვება სწორი იყო თუ არა, ვერ გეტყვით, თუმცა სვანაძის დანიშვნა ნამდვილად სწორი იყო.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ აშვეთიას საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში კარიერის მანძილზე 24 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც ძირითადში 11 დაიწყო, 13 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა და თავი 5 გოლით გამოიჩინა.