გარკვეული დავალებები ძალიან კარგად შესრულდა | ლოჩოშვილი უკრაინასთან მატჩზე
საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა უკრაინასთან უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ გუნდის თამაშსა და საკუთარ პროგრესზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი მწვრთნელის პირობებში გუნდს გადასაწყობად მცირე დრო ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელებმა დავალებების შესრულება შეძლეს.
„პირველი თამაშის შემდეგ კარგი რეაქცია გამოვავლინეთ — უფრო აგრესიულები ვიყავით და მოედანზე მეტი ბრძოლა იყო. ახალი მწვრთნელის პირობებში ეს პირველი მატჩი გახლდათ, გადასაწყობად დიდი დრო არ გვქონდა, თუმცა გარკვეული დავალებები ძალიან კარგად შესრულდა. რა თქმა უნდა, მეტოქე დომინირებდა და ამით არ ვკმაყოფილდებით, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯებია და ვეცდებით, მომდევნო შეხვედრებში დადებით შედეგებს მივაღწიოთ,“ — აღნიშნა ლოჩოშვილმა, რომელიც გასულ ზაფხულში „ნიურნბერგიდან'' „კიოლნში'' ხუთ მილიონ ევროდ გადავიდა და მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში რეგულარულად სასტარტოშია.
კითხვაზე, თუ რა შეიცვალა მის პირად თამაშში ბოლო თვეებში და რამდენად დაეხმარა მას ბუნდესლიგაში მიღებული გამოცდილება, მცველმა უპასუხა: „ამ პერიოდში ნამდვილად განსხვავებული გამოცდილება დამიგროვდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ასე თამაში ყოველთვის შემეძლო. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ თამაშს ითხოვენ შენგან. ახლა მოედანზე თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ, მეტი თავდაჯერება მაქვს და ვცდილობ, ეს შესაძლებლობები გუნდის სასარგებლოდ მაქსიმალურად გამოვიყენო“.
რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, სტუმრად უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც 5 ოქტომბერს, ასევე სტუმრად ჩრდ. ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.