სეზონის საუკეთესო მცველი | ლუკა გადრანის დიდი აღიარება ისრაელში
ისრაელის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო მცველად ლუკა გადრანი დასახელდა. ამასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე CIES Football Observatory-ზე დაყრდნობით ისრაელის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
გადრანი ისრაელის გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, ლიდერად და შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა, რასაც სეზონის მიწურულს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბარაკ იცხაკიმ ხაზი გაუსვა:
„ძალიან, ძალიან პოზიტიური პიროვნებაა. ნამდვილი ლიდერია. მშვიდ ლიდერთაგან ერთ-ერთია, რომლებსაც ყვირილი და ბევრი ლაპარაკი არ სჭირდებათ, არამედ ლიდერობას თავისი ქმედებებით ავლენენ. ეს მოედანზეც ჩანს, როდესაც ასე მოქმედებს, მის გარშემო მყოფ მოთამაშეებს მოტივაციას მატებს. ჩვენი დაცვითი თამაში განსაკუთრებით მისი მოსვლის შემდეგ გაუმჯობესდა, თუმცა უნდა აღინიშნოს მთლიანი გუნდის დაცვითი თამაში და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოთამაშის. ეს ბევრი ფაქტორის ერთობლიობაა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მოვიდა და გაიარა ადაპტაცია. იმედი მაქვს, ის კვლავ ასე გააგრძელებს“.
ბეითარის 29 წლის ფეხბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა, 29 სასტარტოდან დაიწყო, 29-დან 9-ში გუნდმა გოლი არ გაუშვა, რაშიც ლუკას წვლილი დიდია. როცა ლუკა მოედანზე იყო, აღნიშნული 30 მატჩიდან ბეითარი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ამასთან ერთად, მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.
სეზონის დასრულებას საკუთარ Instagram-ის გვერდზე გამოეხმაურა:
„სეზონი დასასრულს უახლოვდება.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ გზის ნაწილი იყო. ყოველი მომენტი, ყოველი გამოწვევა და ყოველი გამარჯვება წინსვლასა და განვითარებაში დაგვეხმარა.
ამ თავს მადლიერებით ვხურავთ და მომავალს ვუყურებთ იმედით, ამბიციებითა და რწმენით იმის მიმართ, რაც წინ გველის.
ისევ შევხვდებით''.