ფაბრეგასის კომოს ისტორიული მიღწევა - მილანი და იუვე ევროპა ლიგაზე
Aa
Aa

ფაბრეგასის კომოს ისტორიული მიღწევა - მილანი და იუვე ევროპა ლიგაზე

იტალიის სერია A-ს წლევანდელი გათამაშება სენსაციურად დასრულდა. სესკ ფაბრეგასის მომზადებულმა „კომომ“, რომელიც მთელი წლის განმავლობაში არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ბოლო ტურშიც დიდებულად ითამაშა, სტუმრად „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა და პირველად არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

„კომო“ მიზანს ვერაფრით მიაღწევდა ამ ყველაფერში საკუთარი უსუსურობით ხელი „მილანს“ რომ არ შეეწყო - „როსონერიმ“ ბოლო ტურში საკუთარ სტადიონზე უმოტივაციოდ მყოფ „კალიარისთან“ 1:2 წააგო, ოთხეულს მიღმა აღმოჩნდა და ევროპა ლიგის საგზურით მოუწევს დაკმაყოფილება. შავ-წითლებმა მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ 53 გოლი გაიტანეს და ასეთი დაბალი შედეგიანობა მათ ბოლოს 2001-2002 წლების სეზონში ჰქონდათ.

„მილანის“ მსგავსად, გაისად ევროპა ლიგაზე იასპარეზებს იტალიური ფეხბურთის კიდევ ერთი გრანდი „იუვენტუსი“, რომელმაც „ტორინოსთან“ ტურინული დერბი ფრედ 2:2 დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ჩემპიონი „ინტერი“ გახდა და მასთან ერთად მომდევნო სეზონში იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაში „ნაპოლი“, „რომა“ და „კომო“ იასპარეზებენ. ინდივიდუალური პრიზებიც ნერიაძურის მოთამაშეებმა გაინაწილეს - 17 გოლით საუკეთესო ბომბარდირის წოდება ლაუტარო მარტინესმა მოიპოვა, ხოლო ასისტენტთა დავაში 16 საგოლე პასით პირველი ადგილი ფედერიკო დიმარკომ დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები