კლუბი მეთევზეების სოფლიდან, რომელიც შვედეთის ჩემპიონი გახდა - მიალბის ისტორია
Aa
Aa

კლუბი მეთევზეების სოფლიდან, რომელიც შვედეთის ჩემპიონი გახდა - მიალბის ისტორია

გასულ კვირას ფეხბურთის შვედი გულშემატკივრები, ისტორიული მოვლენის მომსწრენი გახდნენ: ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა „მიალბი“ რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ, მესამე ლიგაში თამაშობდა.

ეს კლუბი წარმოადგენს სოფელ ჰალევიკს, რომლის მოსახლეობა 1500 ადამიანსაც კი არ აღემატება. უფრო კონკრეტულად კი, იქ 1485 ადამიანი ცხოვრობს.

ჰალევიკი

შვედეთში საფეხბურთო სეზონი „გაზაფხული-შემოდგომის“ სისტემით ტარდება, ელიტარულ დივიზიონში კი 16 გუნდი მონაწილეობს. „მიალბის“ ჩემპიონობას დიდი ხანი ელოდნენ: გუნდი მთელი მეორე წრის განმავლობაში ლიდერობდა და კონკურენტებს მნიშვნელოვნად უსწრებდა.

27-ე ტურში, „მიალბის“ საკუთარ მოედანზე „გიოტებორგმა“ უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, რის შედეგადაც „მიალბიმ“ ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე, სამი ტურით ადრე გაინაღდა.

მიალბი

„მიალბი“ ჯერ კიდევ 1939 წელს დაარსდა და პირველი 20 წელი სამოყვარულო დონეზე თამაშობდა. 1970-იანი წლების ბოლოს კლუბი მეორე დივიზიონში მოხვდა, ელიტაში კი მისი დებიუტი 1980 წელს შედგა.

გუნდი იმ წელსვე დიდი ჩამორჩენით გავარდა, რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა  და ისევ გავარდა, ოღონდ ამჯერად უფრო დიდი დრამით: გადამწყვეტი გახდა ბოლო თამაშში, დასრულებამდე 46 წამით ადრე გაშვებული გოლი.

ერთი სეზონის შემდეგ „მიალბი“ კიდევ ერთხელ დაბრუნდა და ისევ ერთ წელზე მეტხანს ვერ გაჩერდა, რის შემდეგაც 25-წლიანი პაუზა დადგა და სხვადასხვა ლიგაში ხეტიალი. შემდეგ კლუბმა ელიტაში უკვე ზედიზედ ხუთი წელი გაატარა და მისი უმაღლესი მიღწევა მეექვსე ადგილი იყო.

2016 წლიდან 2018 წლამდე მონაკვეთი „მიალბიმ“ მესამე ლიგაში გაატარა, 2020 წლიდან კი ის შვედეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის უცვლელი მონაწილეა: არ ჩამოსულა მეათე ადგილის ქვემოთ, ორჯერ დაასრულა მეხუთეზე. 2020 წელს ევროთასების ზონამდე სამი ქულა დააკლდა, გასულ წელს კი – ოთხი.

სამაგიეროდ, ახლა „მიალბი“ უკვე ევროტურნირების მონაწილე იქნება- გუნდი მომავალ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მიალბი

„მიალბი“ ევროთასებზე მინიმუმ 3 რაუნდს ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლობის შემთხვევაში, გუნდი ევროპა ლიგაში გადაინაცვლებს, ხოლო თუ იქაც ვერაფერი გამოუვა – მაშინ კონფერენს ლიგაში მოხვდება.

იმისთვის, რომ რომელიმე ევროთასის საერთო ეტაპზე დარჩეს და მთელი შემოდგომა ითამაშოს, საჭიროა მინიმუმ ერთი მეტოქის დამარცხება. ამ შემთხვევაში, კლუბი შეძლებს მოხვდეს კონფერენს ლიგის ჯგუფში მაინც და თავისი ზღაპრული ისტორია უკვე მთელ ევროპას გააცნოს.

„მიალბის“ ფეხბურთელთა უმრავლესობა ადგილობრივია. „გიოტებორგთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამი ლეგიონერი გამოჩნდა - აბდულა იქბალი (პაკისტანი), აბდული მანე (გამბია) და ტიმო სტავიცკი (ფინეთი).

Transfermarkt-ზე კლუბის შემადგენლობის საბაზრო ღირებულება სულ რაღაც 16,85 მილიონ ევროს შეადგენს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, ყოფილი სკოლის დირექტორი, ანდერს ტორსტენსონია, რომელიც კიდევ უფრო ადრე მრავალი წლის განმავლობაში ჯარში მსახურობდა.

ანდერსს 2024 წლის აგვისტოში, ლეიკემია დაუდგინდა, თუმცა შვედმა სპეციალისტმა მძიმე სენი დაამარცხა და საკუთარ გუნდს ისტორია დააწერინა.

ანდერს ტორსტენსონი

„მიალბის“ ტრანსფორმაციის მთავარი შემოქმედი მაგნუს ემეუსია - ადგილობრივი ბიზნესმენი, რომელიც 2015 წელს კლუბის პრეზიდენტი გახდა და ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.

„მიალბი“ საშინაო მატჩებს „შტრანდვალენზე“ ატარებს. ბალტიის ზღვის სანაპიროსან მდებარე სტადიონი, რომელიც 1953 წელს აშენდა, ჰალევიკში მდებარეობს და 6500 ადამიანს იტევს.

მიალბის სტადიონი

ჰალევიკი პატარა სოფელია, სადაც მთავარი საქმიანობა მეთევზეობაა. გარდა ამისა, იქ ქვეყნის უდიდესი ჯაზ-ფესტივალი ტარდება.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბს შვედურ გრანდებთან შედარებით გაცილებით მოკრძალებული ბიუჯეტი აქვს, სწორად დაგეგმილმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფერები, ზოდიაქო და ნაკურთხი წყალი - მწვრთნელების ყველაზე უცნაური ცრურწმენები
ფერები, ზოდიაქო და ნაკურთხი წყალი - მწვრთნელების ყველაზე უცნაური ცრურწმენები