გეფიცებით, ბაბუაჩემზე შეშლილი ფეხბურთის გულშემატკივარი არ დაბადებულა.
ვიცი, ესპანეთში ყველა, ვინც ამას წაიკითხავს, თვალებს გადაატრიალებს და იტყვის: „არა, არა, არა, ბიძაჩემი ყველაზე გიჟიაო“, მაგრამ გარწმუნებთ, ბაბუაჩემის გაცნობის შანსი რომ გქონოდათ, აუცილებლად მიხვდებოდით, რაზეც ვსაუბრობ.
ის Tasca Fernando-ს მფლობელი იყო – კანარის კუნძულებზე „ბარსას“ საუკეთესო ფან-კლუბის. ეს იყო ძველი სტილის რესტორანი ხის ჭერით, ხის სკამებით, ხის ბარით... მოკლედ, ყველაფერი ხის იყო. კედლებზე კი ჩვენი ოჯახის სურათები ეკიდა (ჩვენი ნამდვილი ოჯახის და რა თქმა უნდა, „ბარსას“ ფეხბურთელების).
მაგიდებს შორის სირბილში გავიზარდე. ბებიაჩემი ვერ იტანდა, მე და ჩემი ძმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს რომ ვთამაშობდით ხოლმე იმ დროს, როცა ის ხალხისთვის საჭმლის მიტანას ცდილობდა, ამიტომ ყოველთვის VIP ოთახში გვიშვებდა. ეს რესტორნის ქვეშ მდებარე პატარა სარდაფს ჰგავდა, სადაც ღვინოსა და ყუთებს ინახავდნენ. ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი იქ გავატარე, კედელზე ბურთის მიზანში რტყმაში. სხვათა შორის, სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოვიგეთ, 7 წლის ვიყავი. ეს იდეალური ასაკია იმისთვის, რომ ფეხბურთით შეპყრობილი გახდე, არა?
სანამ თასმების შეკვრას ვისწავლიდი, ჩემი ოცნებები უკვე ჩამოყალიბებული იყო: მომეგო მსოფლიო ჩემპიონატი, ესპანეთთან ერთად და მომეგო ჩემპიონთა ლიგა, „ბარსელონასთან“ ერთად.
საჰარასთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე „კამპ ნოუსთან“, მაგრამ სხვა კლუბის გულშემატკივრობა შეუძლებელი იყო. ბაბუაჩემმა ამაზე კარგად იზრუნა. მის თანდასწრებით მადრიდის „რეალს“ თუ ახსენებდი, გეტყოდა: „არა, ისე მოვკვდები, მაგ ქალაქში ფეხს არასდროს დავდგამო.“
და ეს ხუმრობა არ ყოფილა. ერთ შაბათ-კვირას, თავის მეგობრებთან ერთად „კამპ ნოუზე“ „ბარსას“ თამაშის სანახავად გაემგზავრა. უკანა გზაზე მადრიდში მოკლე გადაჯდომა მოუწიათ. თვითმფრინავი რომ დაეშვა, ყველამ თავისი ბარგი აიღო და ჩავიდა. ბაბუაჩემის გარდა. ის უბრალოდ იჯდა თავის ადგილზე, გაუნძრევლად.
10 წუთის შემდეგ, ბორტგამცილებელი მასთან მივიდა და ჰკითხა: „ბატონო, კარგად ხართ? თვითმფრინავი უნდა დატოვოთ“. მან უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში. ეს კულესთვის ცუდი იღბლის მომტანია. წამიყვანეთ ტენერიფეში.“ გოგო მის დარწმუნებას ეცადა, მაგრამ ის ადგილიდან არ იძვროდა. ბოლოს უთხრა: „კარგი, ეტლი რომ მომიტანოთ, ეგ ხომ არ ჩაითვლება?“ და წარმოიდგინეთ, რა მოხდა? მართლა ეტლით მიიყვანეს გასასვლელამდე.
ის მართლაც გამორჩეული კაცი იყო. ყოველთვის დადიოდა ტენერიფეს თამაშებზე, როცა იქ მადრიდის „რეალი“ ჩამოდიოდა, მხოლოდ იმისთვის, რომ მათ წინააღმდეგ ეგულშემატკივრა. რა თქმა უნდა, 1992 წლის სეზონის ბოლო დღესაც იქ იყო. „ბარსას“ ყველა ფანმა იცის, რა მოხდა ტენერიფეში იმ წელს. მე დაბადებულიც არ ვიყავი, მაგრამ მამაჩემისგან ეს ისტორია ასჯერ მაქვს მოსმენილი.
სეზონის ბოლო თამაში იყო. მადრიდს ტიტულის მოსაგებად ტენერიფეს დამარცხება სჭირდებოდა. „ბარსა“ მეორე ადგილზე იყო. ბაბუაჩემი მატჩზე თავისი ბარსელონას ჰალსტუხით და სრული აღჭურვილობით წავიდა. პირველ ტაიმში მადრიდი 2-0 დაწინაურდა.
უბანში მისი ზოგიერთი მეგობარი მადრიდისტა იყო და ხედავდა, როგორ ხტოდნენ და ზეიმობდნენ ისინი სტადიონის მეორე ბოლოში, „რეალის“ სექტორში. იცოდა, რომ თამაშის შემდეგ, ისინი Tasca Fernando-ს შეესეოდნენ და მათი ქილიკის მოსმენა დაუსრულებლად მოუწევდა.
მერე კი სასწაული მოხდა. 3-2 ტენერიფეს სასარგებლოდ!
ჩემი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მსაჯის სასტვენის ხმაზე, 60 წლის ბაბუაჩემი ადგილიდან წამოხტა და მთელი სტადიონი სირბილით გადაჭრა თავისი მეგობრების საპოვნელად. არა მგონია, ბოლო 30 წელი ასე ერბინა.
ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო.
ბაბუა მაშინ გარდაიცვალა, როცა ძალიან პატარა ვიყავი, ბევრად ადრე, სანამ ნახავდა, ვინ გავხდი. მაგრამ ჩვენ ისევ დაგვრჩა მისი ისტორიები. ისევ გვაქვს მისი „ბარსას“ ჰალსტუხი და მისი რესტორანი. და ყველაზე მთავარი, რაც მან გადმოგვცა, ფეხბურთისადმი მისი ვნება იყო. როგორც ოჯახი, ჩვენ მართლა ამით ვცხოვრობთ და ვსუნთქავთ.

მახსოვს, მამაჩემს როგორ დავყავდი დილით ვარჯიშზე, მას შემდეგ, რაც მთელი ღამე რესტორანში მუშაობდა. გზად კი, თავისი ყავისთვის ყოველთვის აჩერებდა ბენზინგასამართ სადგურზე.
მე სულ პანიკაში ვიყავი: „მამა, ვაგვიანებთ. დღეს ვერ გავაჩერებთ“.
ის კი მეტყოდა: „დამშვიდდი, კარგი ფეხბურთელები ყოველთვის აგვიანებენ“.
„მე რონალდინიო არ ვარ, მწვრთნელი გაბრაზდება“, - ვეუბნებოდი მე, ის კი მპასუხობდა: „ყველაფერი კარგადაა. მოდუნდი“.
მამაჩემი ახალგაზრდობაში მართლა კარგი მეკარე იყო, მაგრამ როცა ბაბუაჩემი გარდაიცვალა, თავის ოცნებაზე უარის თქმა მოუწია, რათა რესტორნისთვის მიეხედა. მამაჩემი და ბიძაჩემი ერთადერთი მიმტანები იყვნენ, სანამ ჩემი ძმა არ წამოიზარდა და საქმეში ისიც არ ჩართეს.
მე არასდროს მამუშავებდნენ. ჩემში რაღაც განსაკუთრებული დაინახეს და სკოლის შემდეგ, ყოველთვის მაძლევდნენ გარეთ გასვლისა და ფეხბურთის თამაშის უფლებას.
გარდა ერთი დღისა.
მგონი 13 წლის ვიყავი. ქალაქის ფესტივალი იყო, ბიძაჩემი სტენდაფერი კომიკოსია. ჩემთვის ის პეპეა, მაგრამ მაყურებლისთვის დონ ხოსედ გარდაიქმნება ხოლმე. ფესტივალის დროს მას თავის შოუზე მოუწია წასვლა და მამაჩემმა დამიძახა, რათა მივხმარებოდი, როცა ბევრი ხალხი იქნებოდა.

ბურთით სირბილი ძალიან განსხვავდება ბართან დგომისგან.
ღმერთო ჩემო. ბართან ვიდექი და სასმელებს ვასხამდი. ეს იყო ჩემი საქმე. მამაჩემი მორბოდა და შეკვეთებს მიყვიროდა.
თავი მიბრუოდა. ფეხები მტკიოდა. ვკითხე: „მამა, შესვენება როდის არის?“
მიპასუხა: „შესვენება? რა შესვენება? ეს ფეხბურთი არ არის.“
დღის ბოლოს ყველაფერი მტკიოდა.
მამამ მკითხა: „აბა, როგორ მოგეწონა?“
ვუპასუხე: „გულწრფელად? ძალიან დიდ პატივს გცემთ შენ და პეპეს. განადგურებული ვარ“.
ჩემი კარიერა Tasca Fernando-ში ერთ ღამეში დასრულდა, მადლობა ღმერთს. მთელი ჩემი ძალისხმევა ფეხბურთს დავუთმე. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ადგილობრივ გუნდში ვთამაშობდი, მამაჩემს უფრო დიდი კლუბებიდან ურეკავდნენ.
ყველაფერი „დეპორტივოთი“ დაიწყო, საბოლოოდ კი მადრიდის „რეალმაც“ დარეკა და იკითხეს, ხომ არ მინდოდა მათ აკადემიაში სინჯებზე წასვლა. ჩემმა ოჯახმა არ იცოდა, ამას როგორ გამკლავებოდა, რადგან ჩვეულებრივი ადამიანები ვიყავით. აგენტებთან და მსგავს რაღაცებთან გამოცდილება არ გვქონდა. მახსოვს, რამდენიმე მეგობარი მეკითხებოდა: „რეალ მადრიდი? მართლა აპირებ წასვლას? ეს ხომ სიგიჟეა.“
მე ხომ უბრალოდ პარკში ვთამაშობდი მათთან ერთად, გესმით? ეს რეალურად არ მეჩვენებოდა.
ვუთხარი: „რა თქმა უნდა. უნდა ვცადო.“
უბნიდან რამდენიმე ადამიანმა ბარსელონაშიც კი დარეკა, რომ გაეგოთ, იყვნენ თუ არა ჩემით დაინტერესებულები. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ იმ დროს მათ რადარზე არ ვიყავი.
მახსოვს, ზოგიერთები ხუმრობდნენ: „ბაბუაშენი რომ ცოცხალი იყოს... ღმერთო ჩემო“.
მამაჩემმა მადრიდში წამიყვანა და როცა აკადემიაში მივედი, სხვა ბავშვები უკვე საერთო საცხოვრებელში იყვნენ დაბინავებულები და მთელი დილა გაკვეთილებზე ისხდნენ. მე კი მთელი დღე სასტუმროში მარტო ვიყავი, საქმე არაფერი მქონდა და ვარჯიშამდე ტელეფონს მივშტერებოდი. ამას ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე კარგად ნამდვილად არ უმოქმედია.
ერთი კვირის შემდეგ სახლში გამიშვეს. ასე არ უნდა მომხდარიყო.
სიმართლე გითხრათ, ეს დამამცირებელი იყო. არც ისე სასიამოვნოა, როცა სახლში ბრუნდები, მეგობრებს ხედავ და ყველამ იცის, რომ არ გამოგივიდა. მაგრამ არასდროს დამავიწყდება, რომ შინ დაბრუნებულს, ყველა მხარში მედგა.
მაშინ ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი, მაგრამ ყველაფერი გარკვეული მიზეზით ხდება. ჯერ კიდევ მხოლოდ ბავშვი ვიყავი, ხომ გესმით? მოსამწიფებლად დრო მჭირდებოდა.
საბოლოოდ, სახლთან უფრო ახლოს, „ლას-პალმასის“ აკადემიას შევუერთდი და ეგეც ცოტა გიჟური ამბავი იყო. 15 ან 16 წლის ვიყავი და პირველად ვცხოვრობდი დამოუკიდებლად. მახსოვს, თანაგუნდელებთან ერთად სუპერმარკეტში მივდიოდი და იქიდან ყველაფრით გამოვდიოდით, ნამდვილი საჭმლის გარდა. ჩვენი საქმე მხოლოდ ვარჯიშზე სიარული და ფიფას თამაში იყო.

„ლას-პალმასში“ გატარებული ერთი წლის შემდეგ, მამაჩემმა სატელეფონო ზარების მიღება დაიწყო. ის და დედაჩემი ამას მიმალავდნენ, რადგან ჩემს დაცვას ცდილობდნენ.
მახსოვს, ერთ დღეს მამამ დამირეკა და მითხრა: „რამდენიმე გუნდი შენით არის დაინტერესებული. უნდა გადაწყვიტო, წასვლა გინდა თუ დარჩენა.“
ვუთხარი: „კარგი... მითხარი, რომელი გუნდებია.“
„მოკლედ გირჩევნია გითხრა? რადგან ვფიქრობ, ერთ სახელს რომ გაიგებ, დანარჩენების მოსმენა აღარ მოგინდება“.
– მითხარი.
– „ბარსა“.
– რა?
– „ბარსა“. მართლა.
– კარგი, ეგ არის. წავედით.
ცხადია, ჩემი ოჯახის ყველა წევრი სიხარულისგან ტიროდა. ჩემი სამი საუკეთესო მეგობარი პირველები იყვნენ, ვისაც ეს ამბავი გავუმხილე: ფრანი, რუბენი და დანი. მათ ზუსტად ისეთი რეაქცია ჰქონდათ, როგორიც მხოლოდ კანარელებს შეუძლიათ.
დანი მეუბნებოდა: „არა, ვერ ვხვდები. „ბარსამ“ როგორ დაგირეკა? არც ისეთი მაგარი ხარ. ყოველდღე შენთან ერთად ვთამაშობ! კი, კარგი ხარ, მაგრამ კაი რა! ბუსკეტსთან ერთად უნდა ითამაშო?! ალბათ სათადარიგო იქნები ხო? ეს სიგიჟეა, ძმაო“.

მახსოვს, ჩემი ძმა ბარსელონაში გამომყვა. ვარჯიშზე ტაქსით მოგვიწია წასვლა, რადგან მართვის მოწმობა არცერთს არ გვქონდა. კოვიდის პერიოდი იყო, ამიტომ ბაზაზე უკვე ფორმაში გამოწყობილი უნდა მივსულიყავით. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი ტაქსის უკანა სავარძელზე ვზივარ, „ბარსას“ სრული სავარჯიშო ეკიპირება მაცვია და ჟოან გამპერის ბაზისკენ მივდივართ.
მანქანიდან გადმოვედით, დაცვის ჯიხურთან მივედი და ვეუბნები: „ოლა, მე პედრი ვარ. ვარჯიშზე მოვედი.“
დაცვამ გამატარა, მე კი წარმოდგენა არ მქონდა, საით უნდა წავსულიყავი. ფეხბურთელების ზონის კარი რომ შევაღე, გამოიცანით, ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც დავინახე? აი, პირდაპირ, პირველივე ადამიანი.
ლეო.
ჩემ წინ იდგა, მართლა.
ენა ჩამივარდა. ვცადე, თავი წარმედგინა, მაგრამ რა ვთქვი, აღარ მახსოვს.
მან უბრალოდ გაიღიმა, მითხრა დამშვიდდიო და გასახდელში შემიპატიჟა.
სასაცილო ისაა, რომ მე და ტრინკაო გუნდში ერთდროულად მივედით და პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, ვარჯიშის შემდეგ სატრენაჟორო დარბაზში ვრჩებოდით ხოლმე, რადგან ისეთ ლეგენდებთან ერთად გასახდელში შესვლის გვრცხვენოდა, როგორებიც ბუსკეტსი, პიკე, ჟორდი და ლეო არიან.
ვიდექით და თავს ისე ვაჩვენებდით, თითქოს დაუსრულებლად ვიწელებოდით. ასეთი მოქნილი არასდროს ვყოფილვარ. ვაკეთებდით პრესებს, თავიდან ვიკრავდით ბუცის თასმებს, ვისხედით და განვიხილავდით იმას, თუ რა მოხდა იმ დღის ვარჯიშზე... თან გაოცებულები ვიყავით, რომ საერთოდ იქ ვიმყოფებოდით.
ერთ დღესაც ლეომ ჩამოიარა და, როგორც ჩანს, მიხვდა, რაც ხდებოდა.
გვითხრა: „ჰეი, ბიჭებო, რას აკეთებთ აქ? შემოდით და ჩვენთან ერთად დასხედით.“
ლეომ გასახდელში შეგვიყვანა და ადგილები გვაჩვენა, სად უნდა დავმსხდარიყავით. ორი შეშინებული ლეკვივით ვიყავით.
– აქ? შემიძლია, აქ დავჯდე?
ამის გამო მისი მუდამ მადლიერი ვიქნები. ლეომ და ჟორდიმ ყინული გაალღვეს და თავი ძალიან კომფორტულად გვაგრძნობინეს. მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, დამტოვებდნენ თუ ისევ იჯარით გამიშვებდნენ.

სიმართლე გითხრათ, ვარჯიშზე თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ბურთის ფლობის ვარჯიშებისას, ბურთი ელვის სისწრაფით მოძრაობდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ როცა გენიოსებთან ერთად თამაშობ, ბურთი ყოველთვის ზუსტად შენს ფეხებთანაა, იდეალური ტემპით. ისინი ყველაფერს აადვილებენ.
ვგრძნობდი, რომ ყველაფერი კარგად გამომდიოდა, მაგრამ ეს ხომ „ბარსაა“. უყურებ შემადგენლობას და ფიქრობ: „შევძლებ კი აქ ადგილის დამკვიდრებას?“
მერე, ერთ დღესაც, კუმანმა თავის კაბინეტში დამიძახა. მითხრა, რომ ვრჩებოდი და შემეძლო ფლანგზე ან ნახევარდაცვაში მეთამაშა. ვეცადე, ძალიან თავდაჭერილი და პროფესიონალური ვყოფილიყავი. ხელი ჩამოვართვი, მერე კი, მახსოვს, შევბრუნდი და მისი კაბინეტიდან სახეზე უზარმაზარი ღიმილით გამოვედი.
ჩემს ბინაში დავბრუნდი, მშობლებს დავურეკე და ბევრი ვიტირეთ. ჩვენთვის ეს უბრალოდ მორიგი დიდი კლუბი არ არის. ეს „ბარსაა“. ის ჩვენი ოჯახის სისხლშია.
მამამ ის პირობა შემახსენა, რომელიც ბავშვობაში მივეცი. საქმე ისაა, რომ ყოველთვის ცოტა გონებაგაფანტული ვიყავი. ვარჯიშზე რომ მივდიოდით, ბუცები, წვივსაფრები ან რაღაც ყოველთვის სახლში მრჩებოდა. მე ხომ უკვე თამაშზე ვოცნებობდი. ხანდახან რაღაცის წამოსაღებად მამას უკან, სახლში უწევდა დაბრუნება. ამიტომ სულ მეხუმრებოდა ხოლმე: „ჰეი, ფეხბურთში წარმატებას უნდა მიაღწიო, რომ მერე შენი პირადი ასისტენტი ვიყო. უკან დაგდევდე და ვაკონტროლებდე, რომ წინდები არ დაგრჩეს. მერე მიმტანად მუშაობა აღარ მომიწევს და შეგვეძლება, ერთად ვიფრინოთ მსოფლიოს გარშემო.“
ასეთი იყო ჩვენი გარიგება.
როცა გავიგე, რომ გუნდში ვრჩებოდი, ვუთხარი: „მამა, მოგიწევს ყურადღება მიაქციო, რომ „ბარსას“ წინდები არ დამრჩეს, ხო? ჩემპიონთა ლიგაზე მათი დავიწყება არ გამოვა“.
ჩვენთვის, მას შემდეგ, ყოველი დღე დაუჯერებელი იყო.
როცა VIP ოთახში ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ვიყავი, წარმოვიდენდი ხოლმე, თითქოს „კამპ ნოუზე“ გოლი გამქონდა. ახლა კი ამის გაკეთება რეალურ ცხოვრებაში შემიძლია.

კოვიდის შემდეგ, როცა გულშემატკივრები სტადიონზე დაბრუნდნენ, პირველი რამდენიმე გოლის გატანისას არ ვიცოდი, ხელები სად წამეღო. „ლას-პალმასში“ რომ ვიყავი, ჩემი ოჯახი სულ დამცინოდა იმაზე, რომ გოლის გატანისას ენას ვყოფდი. არც კი ვიცოდი, ამას თუ ვაკეთებდი. ეს ქვეცნობიერად ხდებოდა. ამიტომ გავიფიქრე: „კარგი, კამპ ნოუზე ენის გამოყოფა არ გამოვა. ბაბუა მოგკლავს.“
ასე რომ, უბრალოდ გაშლილი ხელებით მივრბოდი კუთხურის ალმისკენ. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ხომ იცით, ფიფაში გოლი რომ გაგაქვთ და შეგიძლია აღნიშვნა აირჩიო, მაგრამ არ იცი, რომელი? აი, ეგ ვიყავი მე. კუთხურის ალამთან რომ მივიდოდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი: „ვინმე მოდით და ჩამეხუტეთ, რომ სასაცილოდ არ გამოვიყურებოდე, იმიტომ რომ არ ვიცი სხვა რა ვქნა!“
შვებულების დროს სახლში რომ დავბრუნდი, ოჯახის წევრებთან ერთად ვისხედი და მათ მითხრეს „ნამდვილად უკეთესი აღნიშვნა გჭირდება. სასაცილოდ გამოიყურები.“
ვუთხარი: „ხელებს რა ვუყო? არასდროს ვიცი, რა გავაკეთო.“ სწორედ მაშინ მოგვცა შთაგონება კედელზე გამოკრულმა სურათებმა. Tasca Fernando-ში, წინა კედელზე ბევრი ძველი ფოტოა. ბაბუაჩემი იქ დაკიდულ ფოტოზე იღიმის, თავისი პიჯაკითა და „ბარსას“ ჰალსტუხით და ისეთი მაგარი სათვალე უკეთია, როგორიც არასდროს გინახავთ – ფერადი მინებით, ძველმოდური, კინოვარსკვლავივით.
ასე რომ, როცა ხედავთ ჩემს გოლს, ის ბინოკლი არ არის. სინამდვილეში, ბაბუაჩემის სათვალეს ვიკეთებ.

მაშინვე ეს აღნიშვნა მამაჩემს მივუძღვენი, იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა. ეს ასევე ჩემი ოჯახისადმი პატივისცემის გამოხატვის გზაა. ამით მე მათ ვეუბნები: „ჰეი, გჯერათ, აქამდე როგორ მოვედით?“
მამაჩემი სულ ამბობს, ბაბუაშენი ცოცხალი რომ ყოფილიყო და ენახა, როგორ თამაშობ „ბარსაში“, ალბათ გულის შეტევა დაემართებოდაო.
ვფიქრობ, მისი ყველაზე თამამი ოცნებებისთვისაც კი მიუწვდომელი იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ მისი შვილიშვილი ერთ დღესაც მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა.
სასაცილოა, ოჯახში რაც არ უნდა ვიხუმროთ ამა თუ იმ კლუბზე, როცა ეროვნულ ნაკრებისთვის ვიკრიბებით, ეს რაღაც ძალიან განსაკუთრებულია. ესპანეთში ფეხბურთი სრულიად გვაგიჟებს. მართლაც ასეა. მაგრამ ის ასევე გვაერთიანებს. ეს მთელი ზაფხულის განმავლობაში შეგეძლოთ დაგენახათ – ის, თუ როგორ იყვნენ გუნდი და ქვეყანა გაერთიანებულნი.
თითოეულმა მოთამაშემ გააკეთა ყველაფერი, რაც მათგან მოითხოვებოდა ჩვენი გამარჯვებისთვის და ჩვენ მსოფლიოს, ესპანური ფეხბურთის ხასიათი ვაჩვენეთ.
ამის თქმა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ.
ფინალის შემდეგ მამაჩემის მოედანზე გაყვანა და მისთვის პენალტის დარტყმა... არა, ამას სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ.
მან თავისი ოცნება გაწირა, რათა ოჯახური ბიზნესი შეენარჩუნებინა. ის ისე ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ მე შემძლებოდა გარეთ გავსულიყავი და უბრალოდ ბავშვი ვყოფილიყავი, მთელი დღე ფეხბურთი მეთამაშა და თავისუფალი ვყოფილიყავი.
ახლა მას შეუძლია თქვას: „ჩემმა შვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.“

კიდევ რას შეუძლია მოგანიჭოს ეს გრძნობა, ფეხბურთის გარდა? არასდროს დამავიწყდება აღლუმი მადრიდში, როცა ვხედავდი, როგორ იდგა მთელი ქვეყანა ერთად „წითელ ზღვაში“... 2 მილიონი ადამიანი, ყველა გაერთიანებული, რომლებიც თავიანთი ცხოვრების საუკეთესო დღეს ატარებდნენ.
ეს ისეთი ემოციაა, რომელსაც ფულით ვერ იყიდი.
გეფიცებით, ბაბუაჩემიც კი დაარღვევდა თავის წესს და იმ დღეს ჩვენთან ერთად, საზეიმოდ მადრიდში ჩამოვიდოდა.
ის ალბათ ახლა მაღლა, სამოთხეშია და მთელი დღე ფეხბურთზე ლაპარაკობს თავის მეგობრებთან ერთად. მოხუცების ჯგუფი, რომლებიც ღვინის ჭიქებით სხედან...
– ჰეი, როგორ ფიქრობთ, ოთხ წელიწადში ამის გამეორებას შევძლებთ?
– ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვა გვყავს!
– ვინ შეგვაჩერებს?
ბაბუა, მადლობა, რომ ფეხბურთი ასე შემაყვარე. შეიძლება აქ არ ხარ, მაგრამ მაინც ჩემი გუნდის ნაწილი ხარ.
პედრის წერილი The Players’ Tribune-მა გამოაქვეყნა.