გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„გადამწყვეტი სეზონი“ | The Athletic-ის სტატია მამარდაშვილზე

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Athletic-ი გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა. „მამარდა“ „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამორჩეული იყო და The Athletic-ის ჟურნალისტმა, ჯეიმს პირსმა ქართველი მეკარის მომავალზე ისაუბრა.

გიორგი მამარდაშვილის საოცარი სეივი მისი პოტენციალის დასტურია, მაგრამ შეძლებს კი ის მის რეალიზებას?

„ვალენსიადან გადმოსვლის შემდეგ გადატანილი რთული პირველი წლის ფონზე, ეს სეზონი 25 წლის ფეხბურთელის „ლივერპულურ“ კარიერაში გარდამტეხი იქნება. ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, აქვს თუ არა მას ის თვისებები, რაც „ლივერპულის“ პირველი მეკარეობისთვის არის საჭირო.

როდესაც „წითლებმა“ ალისონის კონტრაქტში არსებული პუნქტი გაააქტიურეს და ხელშეკრულება ერთი წლით გაუხანგრძლივეს, ნათელი გახდა, რომ მამარდაშვილს სათადარიგო სკამზე კიდევ სულ მცირე 12 თვის გატარება მოუწევდა. ანდონი ირაოლას გუნდში დანიშვნის შემდეგ გიორგიმ მასთან საუბარი გამართა, რადგან სურდა გაერკვია, რა ადგილი ეკავა მის გეგმებში. ირაოლამ იგი დაამშვიდა და აუხსნა, თუ რამდენად მაღალ შეფასებას აძლევდა მას, თანაც შეახსენა, რომ ჯერ კიდევ 2024 წელს, „ბორნმუთში“ ცდილობდა მის დამატებას.

ზაფხულში მამარდაშვილის ტრანსფერით „ნოტინგემ ფორესტი“ დაინტერესდა, თუმცა „ლივერპულმა“ მათ აცნობა, რომ ქართველი მეკარე გუნდში რჩებოდა.

მამარდაშვილის ტრანსფერს „ენფილდზე“ გრძელვადიან ინვესტიციად და ალისონის შემცვლელის მომზადების სტრატეგიის საკვანძო ნაწილად განიხილავდნენ. ალისონის დუბლიორობა იოლი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც „რომას“ ყოფილმა მეკარემ 2018 წელს კლუბში მოსვლის შემდეგ დააწესა.

„ლივერპულის“ მეკარეების მომავალთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გაურკვეველი. მოაწერს თუ არა ხელს ალისონი, რომელსაც მომავალ თვეს 34 წელი უსრულდება, ახალ კონტრაქტს? ამის თქმა ჯერ ადრეა. თუ იგი ფორმას შეინარჩუნებს და უმაღლეს დონეზე თამაშს გააგრძელებს, ასეთი ლეგენდარული ფიგურისა და გასახდელის ლიდერის დაკარგვა სისულელე იქნებოდა. მეორე მხრივ, თუ ალისონი დარჩება, სრულიად არარეალურია იმის მოლოდინი, რომ მამარდაშვილი ზედიზედ მესამე სეზონშიც სათადარიგო მეკარის როლს შეეგუება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მას პირველი ნომრობა ძალიან უნდა.

გუნდში მეკარეების იერარქია კვლავ ნათელი და უცვლელია, თუმცა მამარდაშვილს თავდაჯერებულობა უნდა გაეზარდოს იმ ქებისგან, რომელიც სამშაბათს საღამოს დამსახურებულად მიიღო. მას ახლა აქვს საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა განვითარდეს იმ სეზონში, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა იგი „ენფილდზე“ უმაღლესი მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ადგილის დამკვიდრებას“, — წერს The Athletic-ი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ლიგის თასზე „ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. „წითლების“ მომდევნო მეტოქე ლონდონის „ჩელსი“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Givemesport-ის ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი | რომელ ადგილზეა ხვიჩა
Givemesport-ის ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი | რომელ ადგილზეა ხვიჩა