დინამო ბათუმი მდევრებს გაექცა - რუსთავმა გაგრას ისევ ვერ მოუგო
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 31-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერმა „დინამო ბათუმმა“ მდევრებთან სხვაობა გაზარდა. გუშინ, ბათუმელთა უმთავრესმა კონკურენტებმა „დინამო თბილისმა“ და „იბერია 1999“-მა ქულები გაიყვეს, რითაც გიორგი ჭიაბრიშვილის მიერ მომზადებულმა ფეხბურთელებმა დღეს ჩინებულად ისარგებლეს და საკუთარ სტადიონზე „მეშახტე“ 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი მე-18 წუთზე ლევან შენგელიამ საფირმო დარტყმით გაიტანა და გოლი არბიტრმა ჯენერი ხორავამ მხოლოდ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ ჩათვალა.
ბოლო რამდენიმე დღის წინ განმავლობაში „გაგრასა“ და „რუსთავის“ გზები მეორედ გადაიკვეთა. გაგრელებმა ქვემო ქართლელები თასის ნახევარფინალში დაამარცხეს და გამარჯვებასთან ამჯერადაც ახლოს იყვნენ, თუმცა გია ცეცაძის შეგირდებმა ქულა ცვლილებაზე შესული განელი ფეხბურთელების, სოლომონ კესისა და პრინს ოსეის მეშვეობით გადაარჩინეს და მატჩი 2:2 დასრულდა. მასპინძლების ორივე გოლი ლამაზი გამოვიდა - ვიქტორ ბლიზნიჩენკომ კარგი კომბინაცია დააგვირგვინა, ხოლო ალექსანდრე ფეიქრიშვილმა ტექნიკური დარტყმით აიღო პაპუნა ბერუაშვილის კარი.
ცნობისათვის, 31 ტურში დაგროვებული 59 ქულით Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას „დინამო ბათუმი“ ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „იბერიას“ - 3, ხოლო მესამეადგილოსან „დინამო თბილისს“ 4 ქულით უსწრებს. ტური ხვალ ქუთაისში, „შენგელია არენაზე“ „ტორპედო“ - „დილას“ მატჩით დასრულდება, რომელიც სტარტს 19:00 საათზე აიღებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს