დაჩი ლორთქიფანიძე
Aa
Aa

პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს, რთული პერიოდი გამოვიარე | ლორთქიფანიძე იტალიურ მედიასთან

იტალიის სერია B-ს მე-10 ტურში „კრემონეზემ“ შინ „ბენევენტო“ 2:0 დაამარცხა. კრემონულმა გუნდმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩში გაიმარჯვა.

კრემონული გუნდის ქართველმა ფეხბურთელმა დაჩი ლორთქიფანიძემ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე 90 წუთი ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო პეკიამ მარჯვენა მცველად გაამწესა, თავი კარგად წარმოაჩინა, სათამაშო დისციპლინას იცავდა, საიმედო იყო, რაიმე უხეში შეცდომა არ დაუშვია (იხილეთ ვრცლად).

მატჩის შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი იტალიურ მედიას ესაუბრა.

- სასტარტო შემადგენლობაში ისეთ პოზიციაზე დაგაყენეს, რომელიც შენი ძირითადი პოზიცია არ არის, თანაც ისეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ითამაშე, როგორიც ოკერეკეა. როგორ იგრძენი თავი ამ პოზიციაზე?

- ჩემთვის მთავარია, ვითამაშო, პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. დიდი ხნის განმავლობაში მოედანს მიღმა ვიყავი, ახლა კი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ის სათამაშო დრო, რომელსაც მაძლევენ. ბარბიერისა და ვოლიაკოს არყოფნის გათვალისწინებით, კვირის განმავლობაში ეს ვარიანტი გამოცდილი გვქონდა.

რთული მატჩი იყო, რადგან ჩემს წინააღმდეგ ძალიან ძლიერი ფეხბურთელი თამაშობდა. დავიდი სწრაფი და ჭკვიანი მოთამაშეა, მის უკან კი სერნიკოლაც იდგა, რომელსაც კარგად ვიცნობ. მწვრთნელმა კვირის განმავლობაში ამ პოზიციაზე გამომცადა, გარკვეული მითითებები მომცა და საბოლოოდ, მოედანზე ყველაფერი კარგად გამოვიდა. ვეცადე, მისი დავალებები შემესრულებინა.

- მოგვიყევი „ძინის“ სტადიონზე შენს დებიუტზე. „კრემონეზეში“ ერთ-ერთი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელთაგანი ხარ, რომლებსაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ...

- მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს სრულად ენდობა, რაც არაერთი მოთამაშის მაგალითზე გამოჩნდა. ეს მატჩებშიც ჩანს, ასევე იმაში, თუ როგორ ვვარჯიშობთ და ვემზადებით. ეს გვაძლევს სტიმულს, უკეთ ვითამაშოთ და ყოველთვის მეტი გავიღოთ. წინა მატჩიც დაუჯერებელი იყო. საგოლე გადაცემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან რთული პერიოდი გამოვიარე და ამან უდიდესი ემოცია მომანიჭა. „ძინი“ ფანტასტიკური სტადიონია, აქ თამაში განსაკუთრებულად ემოციურია. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც სირთულეების მიუხედავად, ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. ამ პრობლემებს კი დიდი შრომის შედეგად თავს ვართმევთ.

- მატჩი ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით დაასრულეთ. როგორ გრძნობ თავს ასე ახალგაზრდული „კრემონეზეს“ გასახდელში?

- აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ, დიდი გუნდი ვართ. მოედანზე იმ ბიჭებთან ერთად ყოფნა, რომლებთან ერთადაც ახალგაზრდულ გუნდში ერთი გზა გავიარე, ძალიან ემოციურია. პირველ რიგში, ლოტიჩისა და შტუკლერს ვგულისხმობ. საბოლოოდ, ჩვენი მიზანი პირველ გუნდში მოხვედრა იყო და ამის მიღწევა ძალიან ბევრს ნიშნავს.

- ფიქრობ, რომ თქვენმა, ახალგაზრდა ფეხბურთელების თავისუფალმა თამაშმა სხვა მოთამაშეებზე დადებითად იმოქმედა?

- არ ვიცი, ვფიქრობ, გუნდი ყოველთვის კონცენტრირებული იყო და საკუთარ საქმეზე ფიქრობდა. გვქონდა პერიოდი, როდესაც ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ, მაგრამ გუნდი ყოველთვის ერთიანი იყო. ახალგაზრდებმაც და გამოცდილმა ფეხბურთელებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს და თავი არ დაზოგეს. ვქმნით რაღაცას, რასაც მომავალში დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კრემონეზეს სასტარტოში პირველად ითამაშა | ლორთქიფანიძის გამარჯვება ბენევენტოსთან
    კრემონეზეს სასტარტოში პირველად ითამაშა | ლორთქიფანიძის გამარჯვება ბენევენტოსთან