შვედური საფეხბურთო ზღაპარი | 1500-კაციანი სოფლის გუნდი, რომელიც ჩემპიონი გახდა
Aa
Aa

შვედური საფეხბურთო ზღაპარი | 1500-კაციანი სოფლის გუნდი, რომელიც ჩემპიონი გახდა

შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 27-ე ტურში „გიოტებორგმა“ საკუთარ მოედანზე „მიალბის“ უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, რის შედეგადაც „მიალბიმ“ ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა. გუნდი 66 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ჰამარბის“ 11 ქულით უსწრებს.

„მიალბი“ 1939 წელს დაარსდა და ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. უფრო მეტიც, კლუბს შვედეთის თასიც არასდროს მოუგია — მისი საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე მეორე ადგილია. გუნდის ისტორიის დიდი ნაწილი უმაღლეს დივიზიონში დასაწინაურებლად ბრძოლას უკავია. ცხრა წლის წინ „მიალბი“ მეოთხე დივიზიონში დაქვეითებასთან ერთ ნაბიჯში იყო დაშორებული, თუმცა კატასტროფა თავიდან აირიდა და სწორი სტრატეგიისა და სკაუტინგის წყალობით უდიდეს წარმატებას მიაღწია.

„ვერასდროს წარმომედგინა, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს მოხდებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ღირსებას ვიცავ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ერთიანობით ყველაფერი შესაძლებელია და მისი წყალობით საოცრების გაკეთება შეგიძლია,“ — განაცხადა იაკობ ბერშტრომმა, რომელმაც „გიოტებორგთან“ ანგარიში გახსნა.

„მიალბი“ საშინაო მატჩებს „შტრანდვალენზე“ ატარებს — სტადიონი ჰალევიკში მდებარეობს და 6 750 მაყურებელს იტევს. ჰალევიკი პატარა სოფელია, სადაც მთავარი საქმიანობა მეთევზეობაა. 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, იქ 1 485 ადამიანი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს შვედურ გრანდებთან შედარებით გაცილებით მოკრძალებული ბიუჯეტი აქვს, სწორად დაგეგმილმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო.

„მიალბის“ ფეხბურთელთა უმრავლესობა ადგილობრივია. „გიოტებორგთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამი ლეგიონერი გამოჩნდა — აბდულა იქბალი (პაკისტანი), აბდული მანე (გამბია) და ტიმო სტავიცკი (ფინეთი). გუნდის მთავარი მწვრთნელია ანდერს ტორსტენსონი, რომელსაც 2024 წლის აგვისტოში ლეიკემია დაუდგინდა და სკოლის დირექტორია. შვედმა სპეციალისტმა სიმსივნე დაამარცხა და საკუთარ გუნდს ისტორია დააწერინა.

27 ტურის შემდეგ „მიალბის“ 66 ქულა აქვს და შეუძლია, „მალმიოს“ მიერ დამყარებული რეკორდი დაამხოს — შვედეთის ჩემპიონატის 101-წლიან ისტორიაში ქულების რეკორდი 67-ია. გუნდს ასევე შესანიშნავი სტატისტიკა აქვს: 27 ტურში მხოლოდ 17 გოლი გაუშვა და მეტოქეთა კარი 49-ჯერ აიღო — 20 მოგება, 6 ფრე, 1 წაგება.

„მიალბის“ ტრანსფორმაციის მთავარი შემოქმედი მაგნუს ემეუსია - ადგილობრივი ბიზნესმენი, რომელიც 2015 წელს კლუბის პრეზიდენტი გახდა და ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. „მიალბის“ მომდევნო სამი შეხვედრა „ნორჩეპინგთან“, „ვარნამოსთან“ და „ჰაკენთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატლეტიკოს ფეხბურთელებმა ემირეითსზე შხაპი ვერ მიიღეს - კლუბმა უეფაში იჩივლა | მედია
ატლეტიკოს ფეხბურთელებმა ემირეითსზე შხაპი ვერ მიიღეს - კლუბმა უეფაში იჩივლა | მედია