ტიტანური შრომა, დეპრესია და 28 მედალი: როგორ გახდა მაიკლ ფელპსი ყველა დროის უდიდესი მოცურავე
ალბათ ცოტა ადამიანი მოიძებნება, ვინც არ იცის, ვინ არის მაიკლ ფელპსი. ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ოლიმპიელია 28 მედლით, რომელთაგან 23 ოქროსია. მისი კარიერა ხუთ ოლიმპიურ თამაშს მოიცავდა.
ალბათ გაინტერესებთ, რა გააკეთა ფელპსმა იმისათვის, რომ გამხდარიყო საუკეთესო მოცურავე, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს?

ადრეული წლები
მაიკლ ფელპსი 1985 წლის 30 ივნისს, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში დაიბადა. მან ცურვა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, ორი მიზეზის გამო: პირველი - მისი უფროსი დები, ჰილარი და უიტნი, ცურავდნენ და მასაც სურდა ამ სპორტის მოსინჯვა. მეორე - ბავშვობაში ფელპსს უზარმაზარი ენერგია ჰქონდა და დედამისმა ჩათვალა, რომ ცურვა დაეხმარებოდა მის გაკონტროლებაში.
მაიკლმა აღმოაჩინა, თუ რა ძლიერ უყვარდა ცურვა და საბოლოოდ, 10 წლის ასაკში, ჩრდილოეთ ბალტიმორის წყლის სპორტის კლუბს შეუერთდა.

მისი პოტენციალის აღმოჩენა
დაახლოებით ამ პერიოდში ფელპსი შეხვდა თავის მწვრთნელს, ბობ ბოუმენს. მან ამოიცნო ფელპსის პოტენციალი და უბიძგა იმისკენ, რომ უფრო ინტენსიურად ევარჯიშა.
1999 წლისთვის, მაიკლი აშშ-ის ეროვნული ნაკრების მეორე გუნდში მოხვდა - იმ დროს ის მხოლოდ 14 წლის იყო.15 წლის ასაკში, ის პროფესიონალი და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოცურავე გახდა, ვინც ეს შეძლო.

მომდევნო 16 წლის განმავლობაში, ბობ ბოუმენი და მაიკლ ფელპსი ერთად მოგზაურობდნენ მთელ მსოფლიოში, საერთაშორისო დონეზე ასპარეზობდნენ და საბოლოოდ მათი სახელები ყველასთვის ცნობილი გახდა.
მწვრთნელი ბოუმენი მის გვერდით იყო, როდესაც მაიკლმა თავის პირველ თამაშებზე 200 მეტრზე ბატერფლაის სტილით იასპარეზა და აშშ-ის ნაკრები სიდნეიში, ავსტრალიაში წარადგინა და მაშინაც, როდესაც ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოცურავე, რომელმაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა 2001 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, 200 მეტრზე ბატერფლაის სტილით გამარჯვებისას.
მწვრთნელი ბოუმენი ფელპსს ავარჯიშებდა ხუთივე ოლიმპიური თამაშებისა და ყველა მედლის მოპოვების გზაზე. ფელპსს ნათქვამი აქვს, რომ ბოუმენთან ვარჯიში ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიუღია.

ვარჯიშის სტილი
საიდუმლო არ არის, რომ ფელპსი დაუღალავად ვარჯიშობდა. მისი წვრთნების პიკის პერიოდში, ფელპსი კვირაში დაახლოებით 80 000 მეტრს ცურავდა. ეს 80 კილომეტრზე მეტია.
ის დღეში ორჯერ ცურავდა, ზოგჯერ კი მეტჯერაც, თუ მაღალმთიან რეგიონში ვარჯიშობდა. მისი ვარჯიშის დიდი ნაწილი ფოკუსირებული იყო სპეციალურ სავარჯიშოებზე.
გარდა ამისა, ხმელეთზე ვარჯიში ფელპსის რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილიც იყო. ის კვირაში მინიმუმ 3-ჯერ დადიოდა დარბაზში, წონებით სავარჯიშოდ. საერთო ჯამში, ის დღეში 5-6 საათს, კვირაში კი 6 დღეს ვარჯიშობდა.

ჩემპიონის დიეტა
როდესაც იმდენს ვარჯიშობ, რამდენსაც ფელპსი ვარჯიშობდა, აუცილებლად მოგშივდება. ფელპსი კი ნამდვილად ჭამის მანქანა იყო.
მედიაში იწერებოდა, რომ მაიკლი დღეში 12 000 კალორიაზე მეტს იღებდა, მაგრამ ეს მითი თავად ფელპსმა დაამსხვრია.
სინამდვილეში ის ყოველდღიურად 8 000-დან 10 000 კალორიამდე იღებდა, რათა კვირაში 30-საათიანი ვარჯიშისთვის ენერგია ჰქონოდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ დიეტის დაცვა სამსახურივით იყო. მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც სამსახური.
გიჟური მემკვიდრეობა
2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, მაიკლმა გააკეთა ის, რაც მანამდე არცერთ სპორტსმენს არ გაუკეთებია: მან ერთ ოლიმპიადაზე 8 ოქროს მედალი მოიპოვა. გადაუსწრო თავის თანამემამულე მარკ სპიცს, ერთ ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ოქროს მედლების რეკორდით — პეკინში არა მხოლოდ ყველა დისტანციაზე გაიმარჯვა, არამედ თითქმის ყველა მათგანში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მაიკლმა ოთხი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, ფელპსმა გადაწყვიტა, რომ უკვე საკმარისი იყო და ცურვიდან წავიდა, მაგრამ არა დიდი ხნით.
ვარჯიშის მკაცრი სტრუქტურისა და მწვრთნელის ხელმძღვანელობის გარეშე, ფელპსი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.
2 წლის შემდეგ, წყალში დაბრუნების ძლიერმა სურვილმა ფელპსს უბიძგა, კვლავ აუზში გადამხტარიყო. მაიკლ ფელპსის დაბრუნება პროფესიონალურ ცურვაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დაბრუნება იყო პროფესიონალური სპორტის ისტორიაში.
ამჯერად ის მედლებისთვის ან დიდებისთვის აღარ ვარჯიშობდა. ის თავისთვის ვარჯიშობდა. მას პროცესით სიამოვნების მიღება სურდა. და სწორედ ამან შეცვალა ყველაფერი.

2016 წლის აშშ-ის შესარჩევ ტურნირზე გამოსვლისას, ფელპსი წყალში თავს ისე ძლიერად გრძნობდა, როგორც არასდროს. ის ფსიქოლოგიურად სწორ განწყობაზე იყო, ბოუმენმა კი მისი სავარჯიშო პროგრამა შეცვალა, რათა რიოს თამაშებზე ბრწყინვალე გამოსვლისთვის მოემზადებინა.
2016 წლის თამაშებზე, მან ხუთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რითაც დაეხმარა აშშ-ის ნაკრებს ცურვაში 33 მედლის აღებაში.
დღეს მაიკლ ფელპსი მთელ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანისთვის შთაგონების წყაროდ რჩება, რადგან ის არასოდეს ნებდებოდა, მაშინაც კი, როდესაც მისთვის მდგომარეობა წარმოუდგენლად რთულდებოდა.
