ბოლო ადგილზე გავიდა, მაგრამ ოლიმპიური გმირი გახდა — რანატუნგე კარუნანანდას ისტორია
Aa
Aa

ბოლო ადგილზე გავიდა, მაგრამ ოლიმპიური გმირი გახდა — რანატუნგე კარუნანანდას ისტორია

ეს არის ამბავი შრი-ლანკელ (მაშინდელი ცეილონი) მძლეოსანზე, რომელიც წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის საკულტო გმირად იქცა. ხალხმა მისი თავდადება უფრო მეტად დააფასა, ვიდრე ჩემპიონის გამარჯვება, თუმცა ამ აღიარებამ ის ტრაგიკული და საიდუმლოებით მოცული სიკვდილისგან ვერ იხსნა.

კარუნანანდა ღარიბ, მაგრამ ინტელიგენტურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს მისი განათლებისთვის. კოლეჯში სწავლისას, ის მძლეოსნობით დაინტერესდა და მალე წარმატებებსაც მიაღწია.

ყოველდღიური ლუკმაპურის საშოვნელად „კარუ“ ჯარში მსახურობდა, თუმცა ვარჯიში არ შეუწყვეტია. 1964 წლის ზაფხულში მან ეროვნული რეკორდები დაამყარა 5 000 და 10 000 მეტრ დისტანციებზე, რითაც ტოკიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. ის თამაშებზე შრი-ლანკის ერთადერთი მძლეოსანი იყო.

ლეგენდარული რბენა

10 000-მეტრიანი გარბენის სტარტზე კარუ აკლიმატიზაციით გამოწვეული უმძიმესი გაციებით გავიდა. მან იცოდა, რომ სამშობლოში, მისი ოჯახი, მეგობრებთან და მეზობლებთან ერთად, ქუჩაზე ერთადერთ ტელევიზორთან ისხდნენ. ამიტომ, მას აუცილებლად უნდა ეასპარეზა.

კარუ სტარტზე მომავალი ოლიმპიური ჩემპიონის, ამერიკელი ბილი მილსის გვერდით დადგა. მე-20 წრის ბოლოს შრი-ლანკელი მეტოქეებს მკვეთრად ჩამორჩა. მაყურებლით გადაჭედილი სტადიონი თავიდან დასცინოდა აუტსაიდერს.

ბილი მილსის ფინიშის დროს კარუ მას მთელი ოთხი წრით ჩამორჩებოდა. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ჩამორჩენილი ათლეტების უმრავლესობამ სირბილს თავი დაანება — მათ ვერ დაინახეს აზრი, გაეგრძელებინათ ფაქტობრივად დასრულებული შეჯიბრი.

თუმცა, კარუნანანდამ სირბილი განაგრძო. ის საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მიაპობდა ჰაერს, თითქოს წინ ოქროს მედალი ელოდა. როდესაც მან მარტომ დაძლია 22-ე წრე, 60-ათასიანი სტადიონი ჯერ კიდევ უსტვენდა, თუმცა მომდევნო წრეზე ყველაფერი შეიცვალა.

მაყურებლები გაჩუმდნენ, სიჩუმეში ტაშის ხმა გაისმა, რასაც მთელი ტრიბუნების გამაყრუებელი ოვაციები მოჰყვა. ორგანიზატორებმა ჩემპიონ მილსს საპატიო წრის გარბენაც კი შეაჩერებინეს სიტყვებით: „პატივი ეცით, შეჯიბრი ჯერ არ დასრულებულა“. ბოლო წრე კარუმ ნამდვილი გმირივით გაიარა.

შრი-ლანკელი ასე უბრალოდ ვერ დანებდებოდა — მას ხომ საკუთარი ოჯახი და მთელი ქვეყანა უყურებდა, ასეთი ფინიშის შემდეგ კი — მთელი მსოფლიო. ყველასთვის უცნობმა მძლეოსანმა თვალნათლივ აჩვენა, თუ რას ნიშნავს ოლიმპიური სული.

„მე აქ ჩემი ქვეყნის წარსადგენად ჩამოვედი. სპორტის არსი მხოლოდ გამარჯვება არ არის, თავად მონაწილეობაც მნიშვნელოვანია. ეს არის ოლიმპიური თამაშების აზრი, ამიტომაც გავიარე მთელი დისტანცია. მარცხს ვაცნობიერებდი, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის მივრბოდი“, — თქვა კარუმ გარბენის შემდეგ.

პრესა რანატუნგეზე უფრო მეტს წერდა, ვიდრე ჩემპიონზე. იაპონიის სასკოლო ისტორიის სახელმძღვანელოებში მას 12-გვერდიანი თავიც კი მიუძღვნეს, როგორც ცხოვრებისეული გაკვეთილი ბავშვებისთვის. ორი დღის შემდეგ კარუმ 5000 მეტრზეც იასპარეზა, თუმცა ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა — მან ხალხს ნამდვილი ოლიმპიური სული აჩვენა.

ტრაგიკული დასასრული

1974 წლის მიწურულს, ცნობილი გარბენიდან 10 წლის შემდეგ, კარუ ოჯახთან ერთად იაპონიაში მიიწვიეს საიუბილეო ჯილდოს გადასაცემად. მას სამუშაოს და საცხოვრებელსაც სთავაზობდნენ. გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე კი სპორტსმენი უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა.

ოფიციალური ვერსიით, ის წყალსაცავში ბანაობისას დაიხრჩო. ცხედარი მყვინთავებმა ამოასვენეს, დაკრძალვამ კი სამხედრო პატივით, მაგრამ დახურული კუბოთი ჩაიარა. არსებობდა მკვლელობის ან განზრახ გაუჩინარების ვერსიებიც. გლოვა იაპონიაშიც გამოცხადდა.

ამით ოჯახის ტრაგედია არ დასრულებულა. მომხდარის გამო სპორტსმენის მეუღლეს მენტალური პრობლემები შეექმნა, რის გამოც 10 წლის ტყუპები წაართვეს და მონასტრებში უკიდურესად მძიმე პირობებში გადაანაწილეს. შრი-ლანკის მთავრობამ არც ოჯახზე იზრუნა და არც დაპირებული სტადიონი ააშენა. ისინი კარუს მეგობარმა გადაარჩინა, რომელმაც ცოლ-შვილის რჩენა საკუთარ თავზე აიღო.

კარუნანანდას ისტორია დღემდე რჩება იმ ოლიმპიური სულისკვეთების მაგალითად, რომელსაც თანამედროვე პროფესიული სპორტი ხშირად ივიწყებს ფორმულით — გამარჯვება ნებისმიერ ფასად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ველოსიპედით გადარჩენილი ასობით სიცოცხლე - ჯინო ბარტალის ისტორია
ველოსიპედით გადარჩენილი ასობით სიცოცხლე - ჯინო ბარტალის ისტორია