ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რთული მატჩი იქნება, კვარა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“ | ჩრდილოეთ ირლანდიელი მცველი

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელი, ტრეი ჰიუმი, საქართველოსთან რთულ შეხვედრას ელოდება. „სანდერლენდის“ განაპირა მცველის ვარაუდით, მატჩი თბილისში გამართული თამაშისგან განსხვავებული სცენარით წარიმართება და წარმატების მისაღწევად მაქსიმუმის გაკეთებაა საჭირო.

„კარგი სტარტი გვაქვს. ერთა ლიგის დაწყებამდე ჩვენი მიზანი დადებითი შედეგის დაფიქსირება და მეტოქეებისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა იყო. სამი ტურის შემდეგ შვიდი ქულა გვაქვს, რაც ნამდვილად ბევრია, თუმცა ვფიქრობ, მოგებულ თამაშებში დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

საქართველოსთან კიდევ ერთი რთული გამოცდა გველოდება. აღმასვლები და დაღმასვლები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. შეიძლება წააგო, შეიძლება მოიგო, შეიძლება ითამაშო, შეიძლება არ ითამაშო. მართალია, ვიმარჯვებთ, მაგრამ გარანტირებული არაა, რომ არ დამარცხდები. მთავარია, ყველანი ერთად ვიყოთ და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი გავაკეთოთ.

ვფიქრობ, საქართველოსთან მეორე მატჩი თბილისში გამართული შეხვედრისგან განსხვავებული იქნება. პენალტი ვერ გაიტანეს, მაგრამ შექმნილი მომენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თანაბარი თამაში იყო. საქართველოს ჰყავს ვარსკვლავები, რომლებსაც მატჩის სცენარის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ და, როგორც გუნდი, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის „პარი სენ-ჟერმენში“ თავის ფეხბურთს თამაშობს, თავისუფლება აქვს, რითაც სიამოვნებას იღებს და მოედანზე გადის და მეტოქეებს უტევს. ჩემი მოვალეობაა, იგი მაქსიმალურად შევზღუდო, ჩვენს კართან მიახლოების საშუალება არ მივცე, დაცვაში სოლიდური ვიყო და ვაიძულო, უკან, საკუთარი კარისკენ ირბინოს, თუმცა ეჭვი არავის ეპარება იმ ხარისხში, რომელიც მას აქვს. ვიცი, რომ რთული შეხვედრა იქნება, თუმცა ვეცდები, 100 პროცენტი გავიღო და თამაში მასაც გავურთულო“.

შეგახსენებთ, რომ სამი ტურის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიას 7 ქულა აქვს, გოლი არ გაუშვია და ჯგუფის ლიდერია. საქართველო 1 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამო ლიდერია - უმნიშვნელოვანესი გამარჯვება დერბიში
დინამო ლიდერია - უმნიშვნელოვანესი გამარჯვება დერბიში