ისევ გოლის გარეშე - საქართველო სტუმრად უნგრეთთან დამარცხდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდა.
ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართული მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მეოთხე წუთზე ალექს ტოთის დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია. მე-9 წუთზე უკვე დომინიკ სობოლსაი ურტყამდა სახიფათოდ, თუმცა სიზუსტე დააკლდა.
35-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილის არაზუსტ პასს უნგრელების სწრაფი შეტევა მოჰყვა, დანიელ ლუკაჩის ჩაწოდების შემდეგ მილოშ კერკეზმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.
39-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გიორგი მიქაუტაძე აღმოჩნდა, თუმცა მას ბალაშ ტოთმა აჯობა, დამატებაზე კი ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმა უნგრელმა მცველებმა დაბლოკეს. 43-ე წუთზე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი მარჯვენა ფლანგიდან შევქმენით, როცა ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ისევ გიორგი მიქაუტაძე ურტყამდა, თუმცა არაზუსტად.
მეორე ტაიმში რამაზ სვანაძემ ირაკლი ეგოიანის ნაცვლად თამაშში გიორგი ქოჩორაშვილი ჩართო, გიორგი წიტაიშვილი კი მარცხენა განაპირა მცველის პოზიციიდან მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გადაიყვანა. რამდენიმე წუთში საქართველსო ნაკრებში იძულებითი ცვლილებაც ვიხილეთ: ოთარ კიტეიშვილმა მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო და ის ანზორ მექვაბიშვილმა შეცვალა.
58-ე წუთზე სობოსლაის შორეული დარტყმა კუთხურზე მამარდაშვილმა მოიგერია. რამაზ სვანაძიმ შეტევა კვერნაძისა და ზივზივაძის ხარჯზე გააძლიერა, შემდეგ კი ზურიკო დავითაშვილსაც მისცა თავის გამოჩენის შანსი. 77-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის შორეული დარტყმა მძირე მანძილით ასცდა უნგრელთა კარს.
საქართველოს ნაკრები: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი (კვერნაძე, 63), კიტეიშვილი (მექვაბიშვილი, 49), ეგოიანი (ქოჩორაშვილი, 46), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი, 76), კვარაცხელია (კ), მიქაუტაძე (ზივზივაძე, 63).
ცნობისთვის, დღეს ჩვენს ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას გასვლაზე 3:0 მოუგო.
ამ დროისთვის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: ჩრდილოეთ ირლანდია 7 ქულა, უკრაინა 4 ქულა, უნგრეთი 4 ქულა, საქართველო 1 ქულა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს, სტუმრად, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.