კვარა 6-იანის პოზიციაზე იხევდა, ეს აბსურდული ვითარებაა | ბარნლის სკაუტის ანალიზი
„ბარნის“ ქართველი სკაუტი მიხა გაბეჩავა საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ცნობილ უნგრულ გამოცემას, Nemzetisport-ს ესაუბრა. ერთ-ერთი კითხვა დომინიკ სობოსლაისა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის პარალელის გავლებას ეხებოდა. უნგრელთა თამაში თუ რამდენად ძლიერადაა სობოსლაის ირგვლივ აგებული და რომ თანაგუნდელები მაშინაც მას ეძებენ, როცა სხვა გადაწყვეტილებაც არსებობს.
„რაღაც მსგავსი ჩვენთანაც შეინიშნება. ჩვენი შემადგენლობა ბალანსს მოკლებულია. წინ უამრავი ბრწყინვალე მონაცემების მქონე ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მათთან ბურთიც უნდა მიიტანო, რაც ყოველთვის არ გამოდის. ბოლო მატჩებში კვარაცხელია დროდადრო საკმაოდ ღრმად, თითქმის ექვსიანი პოზიციაზე იხევდა უკან, რადგან შეტევის მესამედში ბურთი ვერ მიიღო, ეს აბსურდული ვითარებაა, რადგან მისი მონაცემები მეტოქის კართან ბევრად ახლოს უნდა გამოვიყენოთ. ყველაზე დიდ ხარვეზს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვხედავ. ეს პოზიცია გადამწყვეტია, თუ დაცვასა და შეტევას ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებთ, ჩვენი საუკეთესო თავდამსხმელებიც კი იზოლირებულები რჩებიან“.
მიხამ უკრაინასთან ჩატარებულ მატჩზეც ისაუბრა, ამ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამაზ სვანაძის დებიუტი შედგა.
„ჯერჯერობით რაიმე მკვეთრი სხვაობა ვერ დავინახე. ბურთის ამოტანაში იყო მცირედი ცვლილებები, გუნდი უფრო ფართო ზონებიდან ცდილობდა აგებას, მაგრამ საფუძვლები იგივე დარჩა და კვარაცხელიას როლიც არ შეცვლილა დიდად – ამ დროში ეს ბუნებრივია. უახლოეს მატჩებში იმას ველი, რომ პირველ რიგში ნახევარმცველების დავალებები შეიცვალოს, რადგან ამჟამად დაცვასა და შეტევას შორის ბმა სათანადოდ არ მუშაობს. ვინაიდან მცირე დროა ხელმისაწვდომი, უნგრეთის წინააღმდეგ უფრო შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს ველი, დიდი ტაქტიკური რევოლუცია ჯერ არ იქნება“.
მიხა გაბეჩავას თქმით, საქართველოს უდიდესი ძალა კვლავ ინდივიდუალურ თვისებებში მდგომარეობს, თუმცა მან განმეორებადი პრობლემაც დაასახელა.
„ჩვენს თამაშს ინტენსივობა აკლია, რაც წინა ორ შეხვედრაშიც მკაფიოდ გამოჩნდა. როდესაც მეტოქის ნახევარდაცვისთვის ან დაცვისთვის ზეწოლის მიტანა მოხერხდა, დაუყოვნებლივ შეცდომა ვაიძულეთ, თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ ეპიზოდურად ხდებოდა. კვარაცხელიას დონის ფეხბურთელს ცუდ ფორმაშიც შეუძლია მატჩის ბედის წყვეტა, ეს ისეთი თვისებაა, რომლითაც ცოტა ნაკრები ამაყობს“.
„ახალი მწვრთნელის მოსვლამ პირველ რამდენიმე შეხვედრაში შესაძლოა დამატებითი ენერგია შესძინოს, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია. უნგრეთის ნაკრების ბოლო შედეგების გათვალისწინებით, ვფიქრობ, თანაბარი თამაში იქნება, სადაც ერთადერთმა შეცდომამ ან კლასიკურმა შესრულებამ შესაძლოა გადაწყვიტოს, საით გადაიხრება სასწორი“.