პირველი მედალი მსოფლიოზე - სარდალაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია
გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე პლანეტის პირველობის მეოთხედფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა, საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა და კარიერის მანძილზე მსოფლიოს პირველობაზე მესამე მედალს დაეუფლა, საიდანაც ერთი ოქროსი და ორი ბრინჯაოსია.
სარდალაშვილი ტურნირში მეთექვსმეტედფინალური ეტაპიდან ჩაერთო, სადაც ისრაელელ იშაკ ასფიცის აჯობა. ამას მერვედფინალში პორტუგალიელი ტრალაო ფერნანდეშთან მოპოვებული გამარჯვება მოჰყვა. მეოთხედფინალში გიორგი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იაპონელ რიუჯი ნაგაიმასთან დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში გადასულმა მესამე ადგილისთვის ჭიდაობის უფლება ფრანგი რომენ ვალადიერ პიკარდის ძლევით გაინაღდა. რაც შეეხება შეხვედრას ბრინჯაოს მედლისთვის, სარდალაშვილმა ტაივანელ იუნგ ვეი იანგს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა და ძლიერ მეტოქეს იპონით მოუგო.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ხვალ ჩვენი ქვეყნის სახელით 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი გამოვა, რომელსაც გუშინ 33 წელი შეუსრულდა.