ენდრიკი, გიტენსი, კვერნაძე | ვინ გააძლიერებს რომას შეტევას იანვარში?
TUTTOmercatoWEB-ის ცნობით, „რომა’’ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის შეტევითი რესურსის გაძლიერებას გეგმავს. „ჯალოროსის’’ სიაში „ფროზინონეს’’ ქართველი გარემარბი გიორგი კვერნაძეა, თუმცა კლუბისთვის პრიორიტეტი „რეალიდან’’ ენდრიკის დამატებაა.
მიუხედავად იმისა, რომ რომაულ კლუბს საინვესტიციოდ თანხა აქვს, ხელმძღვანელობა უპირატესობას მალენის მსგავსი ფორმულით მოქმედებას ანიჭებს — იჯარა, ივნისში გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით. სპორტული დირექტორის, ტონი დ'ამიკოს სასურველ ფეხბურთელთა სიის სათავეში მადრიდის „რეალის“ ენდრიკი რჩება. მიუხედავად „მილანის“ ჩართულობისა, „რომა“, რომელსაც სააგენტო Roc Nation-თან კონტაქტი უკვე დამყარებული აქვს, თავს მშვიდად გრძნობს, რასაც ხელს ახალგაზრდა ბრაზილიელსა და თავად გასპერინის შორის არსებული სავარაუდო სიტყვიერი შეთანხმებაც უწყობს.
„ჯალოროსის’’ სიაში „შტუტგარტის’’ 25 წლის შემტევი ჯეიმი ლეველინგია, ზაფხულში მისი ფასი 35 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა ელ ხანუსის პროგრესის ფონზე სათამაშო დრო შეუმცირდა, რაც მის სატრანსფერო ღირებულებაზე აისახება. კვერნაძისგან განსხვავებით მისი გამოყენება შეტევის ორივე ფლანგზე შესაძლებელია.
„რომა’’ „ჩელსის’’ 22 წლის გარემარბის, ჯეიმი ბაინო-გიტენსის ვარიანტსაც განიხილავს, რომელიც გიორგი კვერნაძის მსგავსად მარცხენა გარემარბია, თუმცა პრემიერლიგის ამ სეზონში 1 წუთიც არ უთამაშია. თუ ასე გაგრძელდა, ზამთარში საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორს იქნება.
TUTTOmercatoWEB-ი ასევე წერს: „ამის პარალელურად, ჩნდება ალტერნატიული გზები, რომლებიც როგორც იტალიის ჩემპიონატს, ისე საერთაშორისო ასპარეზს უკავშირდება. ახალი სახელია „ფროზინონეს“ გიორგი კვერნაძე, რომელმაც სერია A-ს საწყის 5 ტურში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. პრეზიდენტი სტირპე მას 20-დან 25 მილიონ ევრომდე აფასებს. ფონზე კვლავ აქტუალური რჩება სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ლუის ენრიკეს კანდიდატურა — მოლაპარაკებები აგვისტოში რუსეთთან დაკავშირებული საბანკო პრობლემების გამო ჩაიშალა, იანვრისთვის მისი განახლება შესაძლებელია, თუკი ბიუროკრატიული დეტალები მოგვარდება, რაც გასპერინის კიდევ ერთ ძლიერ ცაციას შემატებს''.