არგენტინელის სპექტაკლი კლასიკოში - ლეოს სამი გასროლა
ლიონელ მესის ხანგრძლივი და მდიდარი კარიერის მანძილზე განსაკუთრებით კარგად თამაში „ბარსელონას“ ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, „რეალთან“ გამოდიოდა. მეტსაც გეტყვით, 2007 წლის მარტიდან, ანუ მისი სადებიუტო კლასიკოდან მოყოლებული, „ელ მონგოლიკო“ სამეფო კლუბის ნამდვილ თავისტკივილად იქცა. 26 გოლით ის „ელ კლასიკოების“ ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და რთულად წარმოსადგენია, უახლოეს მომავალში მისი მიღწევა რომელიმე ფეხბურთელმა გააუმჯობესოს.
სისულელე იქნება იმის თქმა, რომ მესის როლი „ელ კლასიკოში“ მხოლოდ მისი გატანილი გოლების რაოდენობით განისაზღვრება, თუმცა არგენტინელის პირველი გაბრწყინება „რეალის“ წინააღმდეგ ყველას კარგად ახსოვს და ძნელია დაგავიწყდეს, რადგან 2007 წლის 10 მარტს, მაშინ ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობმა ლეომ მადრიდელებთან ნამდვილი ბენეფისი მოიწყო. იმ დროისთვის მესი ჯერ მხოლოდ 19 წლის, თუმცა თავისი თამაშით მთელი მსოფლიო დაიპყრო. მისი ნიჭი სიმწიფისგან ჯერ კიდევ შორს იყო, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ მათ თვალწინ რაღაც განსაკუთრებული იბადებოდა.
სტადიონის სამ მეოთხედზე არარსებული სახურავის გამო, „კამპ ნოუზე“ 98 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა, რომლებიც Tot el camp-ს შეძახილებით საყვარელ გუნდს ამხნევებდნენ. კატალონიური პუბლიკა „ბარსელონასგან“ 3 ქულის აღებას ელოდა, თუმცა ისინი რუუდ ვან ნისტელროიმ დაადუმა, რომელმაც მაშინდელ ლა ლიგაში მე-13 გოლი გაიტანა.
„ბარსელონას“ გათანაბრების შანსი მალევე მიეცა, თუმცა სამუელ ეტოოს სიზუსტე დააკლდა. სამაგიეროდ, მე-11 წუთზე რონალდინიო-დეკუ-ეტოოს სწრაფი პასებით გაჯერებული დახვეწილი შეტევა კამერუნელის დიდოსტატური პასით დასრულდა, რითაც „რეალის“ 7 ფეხბურთელი უსაქმოდ დარჩა, ბურთი მესის მიუვიდა და უმაღლესი დონის შესრულებით ინჩასები აღაფრთოვანა.
სიხარულით გამოწვეული ქაოსი „ბარსას“ ფეხბურთელებში მალე ისევ სევდამ შეცვალა - მთავარმა არბიტრმა უნდიანო მალიენკომ ხოსე მარია გუტის წაქცევისთვის პენალტი დანიშნა და ვან ნისტელროიმ, რომელსაც იქამდე იმ სეზონში სამი 11-მეტრიანი ჰქონდა გაფუჭებული, ამჯერად უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი იდეალურად შეასრულა.
„ბლაუგრანა“ შესატევად ყველა შესაძლებლობას იყენებდა და თითოეული იერიშისას, ყურადღების ცენტრში ახალგაზრდა არგენტინელი იყო, რომელიც ნამდვილი შოუმენივით ირჯებოდა. რონალდინიოსა და ეტოოს ქმედებები მარცხენა ფლანგზე სამეფო კლუბის დაცვაში პანიკას იწვევდა, მესი კი საკუთარი სათამაშო ინტელექტისა და თანაგუნდელების ჭკვიანური გადაადგილებების ხარჯზე, მეტოქის საჯარიმო მოედანში სივრცეებს გამუდმებით პოულობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც კასილიასმა რონალდინიოს დარტყმა მოიგერია და ბურთი პენალტის ნიშნულთან მდგომ „ელ მონგოლიკოს“ მიუვიდა, წაქცეული იკერი ფეხზე სწრაფად წამოდგა, გუტისთან, რამოსთან და კიდევ ერთ მცველთან ერთად, კარის დაცვა სცადა, თუმცა ლეოს უძლიერესი დარტყმის წინაშე ვერაფერს გახდნენ და შედეგად - მესი-ვან ნისტელროი 2:2.
მესის ჰეთ-თრიკის შესრულება პირველივე ტაიმში შეეძლო, როდესაც ჩავიმ იდეალური პასით სტუმართა მთელი დაცვა მოჭრა და ლეო დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ამ უკანასკნელს სიზუსტე დააკლდა. პირველი ტაიმის ბოლოს კი კატალონიელებისთვის უსიამოვნო ფაქტი მოხდა - ფერნანდო გაგოს წინააღმდეგ უხეშობისთვის ოლეგერი გააძევეს და უპირატესობა მადრიდელთა მხარეს გადავიდა. თუმცა, რიცხობრივი უპირატესობა „ბლანკოსმა“ ანგარიშში მხოლოდ ნახევარ საათში ასახა, როდესაც გუტის ჩაწოდებას ბრწყინვალე თავური დარტყმით სერხიო რამოსი გამოეხმაურა.
მატჩის კულმინაციური მომენტი კი, არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში დადგა, როდესაც მესი „ელ კლასიკოს“ ფოლკლორში საბოლოოდ ჩაეწერა. რონალდინიომ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და იმის გამო, რომ ის ნელა მოძრაობდა, თითქოს გაუჩოსგან ნაკლები საფრთხე იყო მოსალოდნელი. ბრაზილიელმა ლეოს პასი ფეხში მისცა, მაგრამ მეტოქე გუნდში პანიკა არ იგრძნობოდა, რადგან არგენტინელთან „რეალის“ ოთხი მცველი იდგა. თურმე, საქმე საპანიკოდ ნამდვილად იყო, რადგან უსწრაფესი აჩქარებით „ელ მონგოლიკომ“ ოთხივე უსაქმოდ დატოვა და წონასწორობა აღადგინა.
კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკით ლიონელ მესი მსოფლიო სპორტული გამოცემების გარეკანზე აღმოჩნდა. მაშინ ყველა სასიამოვნოდ გაოცდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ლეოსთვის არა უბრალოდ პირველი, არამედ მრავალთაგან ერთ-ერთი ვირტუოზული მატჩი იყო.