„6 თვე ვაკრიტიკებდი, აღარასდროს გავაკრიტიკებ“ | ცნობილი კომენტატორი კვარაზე
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნი“ საოცარ თამაშში დაამარცხა. ლუის ენრიკეს გუნდმა 5:4 მოიგო და ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა. „კვარა“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ცნობილმა კომენტატორმა და ჟურნალისტმა, ვალიდ აშერშურმა, მასზე საინტერესო განცხადება გააკეთა.
„პირადად ჩემთვის, ამ შეხვედრის MVP ხვიჩა კვარაცხელიაა. ეს ბიჭი დეოდორანტია. როდესაც გუნდში არასასიამოვნო სუნი დგას, შეგიძლია, ის გამოიყენო და მდგომარეობა გამოასწორო. ყოველ ჯერზე, როდესაც პარი სენ-ჟერმენს პრობლემა შეექმნა — ჩელსისთან, ლივერპულთან ან ბაიერნთან — კვარაცხელიამ ყველაფერი მოაგვარა.
თუ რაიმე არეულობა დაიწყება ან პრობლემები გამომიჩნდება, კვარაცხელიას დავურეკავ. ეს ბიჭი გერმანული ნაგაზივითაა. ერთი-ერთზე ძალიან ეფექტურად თამაშობს და მომენტის შერჩევა შესანიშნავად გამოსდის. ქართველი რომ არ იყოს, ოქროს ბურთს მოიგებდა (აქცენტი მსოფლიო ჩემპიონატზეა, სადაც საქართველო ვერ ითამაშებს). შთამბეჭდავია, რასაც მან მიაღწია — ის გუნდის იქს-ფაქტორია. უბრალოდ გასაოცარია. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი პირველი იყო და მისი ავტორი სწორედ კვარაცხელიაა.
მას 6 თვის განმავლობაში ვაკრიტიკებდი და აღარასდროს გავაკრიტიკებ (აშერშური ის კომენტატორია, რომელიც ამბობდა, რომ კვარა თამაშებს არჩევდა და ლიგა 1-ში 100 პროცენტს არ აჩვენებდა). ავხსნი, რატომ ვაკრიტიკებდი: ის 7-ნომრიანი მაისურით თამაშობს და პარი სენ-ჟერმენს ჰყავდა სხვა 7 ნომერი, რომელიც საოცრებებს აკეთებდა... თუმცა, იმის შემდეგ, რაც კვარაცხელიამ გასულ სეზონში ასტონ ვილასთან, ლივერპულთან, არსენალთან, ინტერთან, ხოლო ამ სეზონში ჩელსისთან, ლივერპულთან და ბაიერნთან გვაჩვენა, ის პსჟ-ის ტოპ ფეხბურთელებს შორისაა.
არ ვიცი, ხვდებით თუ არა, მაგრამ როცა გაზაფხული დგება და ჩემპიონთა ლიგის თამაშები მოდის, იმის ფონზე, პარი სენ-ჟერმენის სხვა ფეხბურთელები უჩინარდებიან და პრობლემები ექმნებათ, ეს ბიჭი მოედანზე გადის და მეტოქეებს ანადგურებს.“
ცნობისთვის, „კვარას“ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს, რაც საგოლე მოქმედებების მხრივ „პარი სენ-ჟერმენის“ რეკორდია. ლიგის ერთ სეზონში ამაზე უკეთესი სტატისტიკა არავის ჰქონია. აქამდე საუკეთესო შედეგის ავტორი უსმან დემბელე იყო — 14 საგოლე მოქმედება.